Baby Bag

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის ​განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება.

​როგორც განჩინებაში წერია, წმინდა სინოდმა დაადგინა:


​„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

​მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

​შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

​საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

​მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

​პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

​ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის, ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.

​ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:

​ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

​როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?

​არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

​ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

​საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

6 წლამდე ასაკის ბავშვებს პირბადის ტარება არ მოუწევთ

6 წლამდე ასაკის ბავშვებს პირბადის ტარება არ მოუწევთ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმები დაეკისრებათ.

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში“, „ფრონტ“ ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტი შეხებაა მოქალაქეებთან და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე - გამოსვლისას, მოხსენებისას, პრეზენტაციისას.

პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

პირბადის ტარების ვალდებულება არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.

წაიკითხეთ სრულად