Baby Bag

სასურველია, მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს

სასურველია, მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს

სასურველია, მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია დროულად დაიწყოს, – ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ საქართველოს ​პირველ არხს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი სკოლების და ბაღების გახსნაა.

მისივე თქმით, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„მომართვიანობა გაზრდილია. ოქტომბერ-ნოემბერში დღეში რამდენიმე ათეული პაციენტი თუ იყო, თებერვლიდან მარტის შუა რიცხვებამდე პრაქტიკულად კვირები გადიოდა ისე, რომ საერთოდ არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ბოლო ხუთი დღეა მე პირადად ყოველდღიურად ორ-სამ შემთხვევასთან მაქვს საქმე. გუშინ მაგალითად, იყო ოთხი ახალი პაციენტი, ძირითადად სკოლის მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია სკოლების და ბაღების გახსნამ. მე თავიდანვე ნაადრევად მეჩვენა ბაღების გახსნა, სკოლები უნდა გახსნილიყო რეგულაციების დაცვით, თუმცა არა ბაღები. ჩემი აზრით, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ბავშვებში კონტროლი მეტ-ნაკლებად უნდა გამკაცრდეს.

სასურველია ასევე, რომ მასწავლებლებმა და განათლების სფეროში დასაქმებულმა პირებმა დროულად დაიწყონ ვაქცინაცია.

ყველამ ვირწმუნეთ, რომ აღარ იქნებოდა მესამე ტალღა და ყველამ დავივიწყეთ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. თუ იხსნება სხვადასხვა დაწესებულება: რესტორნები, სადღესასწაულო ცენტრები, გასართობი სივრცეები, იქ ყველამ უნდა დაიცვას ჰიგიენური ნორმები, რაც საკმაოდ ძნელია. მოვდუნდით და ამან გამოიწვია, რომ დღეს პრაქტიკულად ქვეყანაში მესამე ტალღა გვაქვს. შემთხვევების რაოდენობა უცებ 1000-მდე ავარდა და თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ 5 000 გახდება“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

მისივე თქმით, დაავადების გავრცელების ერთადერთი პრევენციული საშუალება ვაქცინაციაა.

„ერთადერთი პრევენციული საშუალება არის ვაქცინაცია. ვისაც აქვს შესაძლებლობა, ყველა უნდა დარეგისტრირდეს და აიცრას. არც ერთ ქვეყანაში არ ირჩევენ ვაქცინას, იკეთებენ იმ ვაქცინას, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. ყველა ვაქცინას აქვს მაღალი დაცვის პროცენტი და ყველა იცავს დაავადების მძიმედ განვითარებისა და ფატალური შედეგისგან.

პანდემიის დასამარცხებლად სულ ცოტა 11 ათასი ადამიანი ყოველდღე უნდა ავცრათ და არა ისე, რომ 25 დღეში აიცრას ეს რაოდენობა. ქვეყანამ ცოტა რომ ამოისუნთქოს, ყოველ დღე სულ ცოტა 3 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებაა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებაა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში ​გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად,  მე-3 მუხლში:

ა) „მ“ − „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მ) გარე დაკვირვება – კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის დროსაც გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით ფასდება მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად;

ნ) საგნის გამოცდა – მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ო) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

პ) პროფესიული უნარების გამოცდა – წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ჟ) პროფესიული კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„1. უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას, გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებსა და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:“.

3. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში.“.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. უფროსი მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა სერტიფიკატების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) იმ ტერიტორიული ორგანოსათვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი.“.

6. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„2. უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოსთვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია სპეციალური მასწავლებელი.“.

7. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„1. განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება, მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი.“.

8. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26. განსაკუთრებულ შემთხვევაში მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების განსაზღვრა

განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისია, რომელიც იქმნება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

9. 38-ე მუხლს:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

12. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.“;

ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები:

„22. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

23. იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.“.

10. 41-ე მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. 2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვთ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

6. 2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.“

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

იხილეთ ​დადგენილება

წაიკითხეთ სრულად