Baby Bag

თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს

თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს
დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია! - აღნიშნულის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ​თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

,,​ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია.


თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, საჭიროა ახლავე მივიღოთ ზომები COVID-ით პაციენტების კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.

ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის მიზეზით (უფრო ხშირად) ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად).

უფრო კონკრეტულად ეს მიზეზები შემდეგია:

1. პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს COVID-ზე ტესტირებას.

2. პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.

3. ოჯახის ან საწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.

4. იშვიათად ოჯახის ან საწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას.

მივმართავთ თხოვნით ქვეყნის მოსახლეობას, გაითვალისწინოს ბოლო პერიოდში გაზრდილი რისკები და COVID-ზე საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებლად ჩაიტაროს COVID-ზე ტესტირება, ხოლო ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს ექიმს და განუხრელად შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.

მივმართავთ სასწრაფო დახმარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს განუხრელად ისარგებლონ COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინებში გაწერილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით და რეკომენდაციებით და ყველა საჭირო შემთხვევაში დროულად მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. პაციენტის ბინაზე მართვის შემთხვევაში მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ დამძიმების რისკის მქონე პაციენტებთან.

მივმართავთ COVID კლინიკებს განუხრელად და ზედმიწევნით შეასრულონ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში გაწერილი რეკომენდაციები, სრულად გამოიყენონ სტანდარტული და ინდივიდუალური თერაპიის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, მათ შორის: რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა და პლაზმაფერეზი, კონვალესცენტის პლაზმა, კორტიკოსტეროიდებით თერაპია ე.წ. პულს თერაპიის ჩათვლით, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და სხვ.'' - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს...''

,,​თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს...''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვირუსის შეჩერების გზებზე საუბრობს და ორ ვარიანტს ასახელებს:

,,​თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს: 1. ქვეყანაში 4 მლნ ვაქცინა უნდა ჩამოიტანო, მაგრამ ჩინური ნაგავი კი არა, „ფაიზერი“. მაგათი ვაქცინა 15 დოლარი ღირს, ჩინურზე უფრო იაფია. 2 თვეში საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია სრულიად შესაძლებელია. ამის ათასი ხრიკი არსებობს, მე გასწავლით, თუ გინდათ, მაგრამ ამის სურვილი არ არსებობს. ამ 4 მლნ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება, ქვეყანა გაიხსნას; 2. მეორე ვარიანტია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი კარანტინში უნდა გადავიდეს,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს:

,,საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს, ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მლნ დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, რომ მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.

მე ვაფრთხილებდი - „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება. მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.

რაც შეეხება რჩევებს: 

1. ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის; 

2. ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ. 

3. როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ. 

წაიკითხეთ სრულად