Baby Bag

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებები დეტალურად

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებები დეტალურად

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას,'' - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება ,,კომენდანტის საათი'':

,,მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში. ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე; 

როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე; 

ამასთან, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე – საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ; 

საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილ უნდა იყოს აქტიური ტესტირება;

ეპიდევითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში; 

კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია; 

საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე“, - დასძინა გიორგი ღიბრაძემ.


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ

„თუ მშობელს დისტანციური სწავლა ურჩევნია, ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება:

„საზოგადოებას მაქსიმალურად მოქნილ სისტემას ვთავაზობთ. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ მშობელს, ოჯახს გადაწყვეტილება აქვთ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში (1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში), თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სკოლები მშობლებს დაუკავშირდებიან და სურვილის შემთხვევაში მშობლები დარეგისტრირდებიან და ეს უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებიდან განაგრძობენ. ფოთსა და გორში კი ყველა კლასის (1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისთვის აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

წაიკითხეთ სრულად