Baby Bag

,,კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი''

,,კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი''
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კოვიდის გადატანის შემდეგ ბუნებრივ იმუნიტეტზე საუბრობს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,ხშირად სვამენ კითხვას, რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტი COVID-19 წინააღმდეგ. პანდემიის დასაწყისში ვვარაუდობდით, რომ სხვა კორონავირუსების მსგავსად, ეს იქნებოდა 2-3 წელი, თუმცა ამის მტკიცებულებას მხოლოდ დრო მოიტანდა. შემდგომში, სხვადასხვა კვლევებით მოწოდებული იყო 6 თვე, შემდეგ 8 თვე.

ახლახან ჟურნალ JAMA-ში დაიბეჭდა სტატია, რომელიც ასკვნის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი. კვლევა ჩატარდა იტალიის ყველაზე დაზარალებულ რეგიონში, ლომბარდიაში. მასში ჩართეს ადამიანები, რომელთაც კოვიდ PCR ტესტი ჩაუტარდათ 2020 წლის თებერვალ-მარტში, ანუ 1 წელზე მეტი ხნის წინ.

რეინფექციად კვალიფიცირდებოდა ის შემთხვევები, როცა PCR დადებითი ხდებოდა კოვიდის გადატანიდან მინიმუმ 90 დღის შემდეგ (გავიხსენოთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ PCR შეიძლება გამოჯანმრთელებიდან 90 დღე რჩებოდეს დადებითი) და შემდეგ დაფიქსირებული იყო 2 უარყოფითი PCR ტესტის შედეგი. ამის შემდეგ თუ PCR ხელახლა ფიქსირდებოდა დადებითი, ეს პირი ითვლებოდა რეინფიცირებულად.

1579 კოვიდ გადატანილს შორის რეინფექცია დაფიქსირდა მხოლოდ 5 შემთხვევაში (0.3%). მათგან მხოლოდ ერთს დაჭირდა ჰოსპიტალიზაცია. პირველად ინფექციასა და რეინფექციას შორის შუალედი იყო საშუალოდ 230 დღე.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი არ ქონდა გადატანილი, 3.8% ინფიცირდა კორონავირუსით.

ამ კვლევის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ჯერ ვერ ასახავს, რამდენად ეფექტურია ბუნებრივი იმუნიტეტი მუტაციური შტამების მიმართ.

რომ შევაჯამოთ, კოვიდის მიმართ იმუნიტეტი გრძელდება მინიმუმ 1 წელი. რეინფექციის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი (0.3%). ამიტომ ბუნებრივ იმუნიტეტს სრულად ნუ დავაიგნორებთ, რაც აშკარად შეინიშნება და ამის მიზეზი ცოტა გაუგებარია. მაგალითად, კოვიდ პასპორტად განიხილება მხოლოდ ვაქცინირებულის სტატუსი და არა ბუნებრივი იმუნიტეტის ქონა, განსხვავებით სხვა ინფექციებისგან, მაგალითად, წითელას და წითურასგან, სადაც საჭიროების შემთხვევაში ხდება ან ვაქცინირებულის სტატუსის, ან ანტისხეულების ტესტის შედეგის წარდგენა. ცხადია, ამაზე იქნება საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ კოვიდის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი წითელასგან განსხვავებით არ არის მყარი და მუდმივი, მაგრამ ამ არგუმენტზე მარტივი პასუხი არის ის, რომ არც კოვიდის ვაქცინის მიმართ არის იმუნური პასუხი მუდმივი, განსხვავებით წითელას ვაქცინისგან და რევაქცინაცია აუცილებლად დაგვჭირდება.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს პარტია საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, ბაზარზე არ არის,“- სურსათის უვნებლობის ექსპერტი მიხეილ ბეღელაძე

„ეს პარტია საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, ბაზარზე არ არის,“- სურსათის უვნებლობის ექსპერტი მიხეილ ბეღელაძე

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მიხეილ ბეღელაძემ კომპანია „ფერეროს“ „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადთან დაკავშირებული სალმონელათი დაავადების შემთხვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა ევროკავშირში დაფიქსირდა:

„რაც შეეხება სალმონელაზე ამ კონკრეტულ შემთხვევას, პირველ რიგში, ის ევროკავშირში დაფიქსირდა. მათ აქვთ სწრაფი განგაშის სისტემა. როდესაც ხარვეზი ფიქსირდება ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, განგაშის სიგნალი ირთვება და ყველა ქვეყანას ეცნობება. ჩვენთან ამ კონკრეტულ პროდუქტზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ინფორმაცია. ამ კონკრეტული პარტიის ნომერი იციან, იციან სადამდე აქვს ვადა, გამოშვების ნომერი და ა.შ. ამ კონკრეტულ პარტიაზე მოვიდა ინფორმაცია, რომ თუ არსებობს ბაზარზე, ბაზრიდან ამოიღეთ. სააგენტომ ეს ინფორმაცია მიაწოდა იმპორტიორებს. მათგან არაგეგმიური ინსპექტირებებიც ჩატარდა. ასეთ შემთხვევებზე ბიზნესი და სახელმწიფოც ერთად ზრუნავს, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

ეს პარტია საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ბაზარზე არ არის. შემიძლია სრულად დავამშვიდო ამ ეტაპზე მომხმარებელი, რომ შეუძლია თავისუფლად იგრძნოს თავი. იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირდა, იქაც სავარაუდო შემთხვევა იყო და კვლევები მიმდინარეობს,“- აღნიშნულ საკითხზე მიხეილ ბეღელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად