Baby Bag

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელება მეტია, ვიდრე სხვა ვარიანტების.

მისი თქმით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ აღენიშნებათ ბავშვებს რაიმე თანმდევი დაავადება, ჩხაიძის თქმით, ვირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს.

„არა, თანმდევ დაავადებებზე საუბარი დიდი ხანია, დამთავრდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როცა გარდაცვალების შემთხვევა ერთეული იყო და ამის უკან ყოველთვის იდგა ასაკი ან თანმდევი დაავადებები. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ დელტა ვარიანტი არის გაახალგაზრდავებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს. ეს არის ვარიანტის აგრესიულობიდან, ინფიცირებულობიდან, ლეტალურობიდან გამომდინარე. ასე რომ, ეს საკითხი პრაქტიკულად მოხსნილია და აღარ განიხილება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, ციციშვილის კლინიკის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსის ნიმუშების სექვენირების პროცესი, რათა დადგინდეს, რა შტამით არიან ბავშვები ინფიცირებული.

მისი თქმით, კვლევის შედეგები უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს

გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს

ორი-სამი დღის განმავლობაში მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„გასული ორი-სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიწია დამატებით საწოლების მობილიზება. ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში მთავარი გამოსავალი ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ამ შემთხვევაში, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა შეფერხების გარეშე განხორციელდეს“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად