Baby Bag

,,ჩემი საკუთრი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრებიც, ვისაც ახალგაზრდა ასაკის გამო ასტრაზენეკა ვერ გაუკეთდებოდა, სინოფარმით და სინოვაკით არიან აცრილები!''

,,ჩემი საკუთრი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრებიც, ვისაც ახალგაზრდა ასაკის გამო ასტრაზენეკა ვერ გაუკეთდებოდა, სინოფარმით და სინოვაკით არიან აცრილები!''

ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,მოდის მართლაც აურება შეკითხვა აცრებთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველაზე სათითაოდ პასუხის გაცემა. გადავწყვიტე, დავაგროვო კითხვები და ყველას ერთად გიპასუხოთ, მით უმეტეს რომ უმრავლესობა ერთი და იგივე საკითხს ეხება. თუ თქვენს კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი ვერ იპოვეთ, გთხოვთ კომენტრის სახით გამიმეოროთ.

პირველ რიგში, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა: ავიცრა სინოფარმ/სინოვაკით თუ დაველოდო ,,უკეთეს“ ვაქცინას.

‼️ პასუხი: როგორც ყოველთვის და მრავალჯერ მითქვამს: აუცილებლად უნდა აიცრათ! რა თქმა უნდა გვერჩივნებოდა დღესდღეობით არსებულ ვაქცინებს შორის საუკეთესო, მაგრამ არ არის სამწუხაროდ დღეს ამის საშუალება საქართველოში. უკვე ივლისია დაწყებული, ორჯერად აცრას და შემდეგ ანტისხეულების სრული ტიტრით გამომუშავებას რამდენიმე კვირა სჭირდება. მაქსიმუმ სექტემბრიდან მოსალოდნელია ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა, ამიტომ მოცდის დრო აღარ არის. თუ მართლაც და შემოვიდა ფაიზერის ვაქცინა და თანაც საკმარისი რაოდენებოთ, შესაძლებელი იქნება რამდენიმე თვეში ბუსტერის (დამატებითი აცრის) გაკეთება. ეს, რა თქმა უნდა, ქართული ჯანდაცვის მიერ განსახილველი და პროტოკოლში შესატანია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ალტერნატივა იქნება.

მოქმედებს თუ არა ჩინური ვაქცინები დელტა-ვარიანტის წინააღმდეგ.

‼️ პასუხი: კვლევები და მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ დელტა შტამის წინააღმდეგ ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინებიც შედარებით ნაკლებ ეფექტურია. აქედან დასკვნა, ყველა ვაქცინის ეფექტურობა დელტა-შტამის მიმართ დაქვეითებულია, ასევე იქნება ჩინური ვაქცინების შემთხვევაშიც, რაღაც დოზით აუცილებლად დაგიცავთ!

‼️ ჩემი საკუთრი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრებიც, ვისაც ახალგაზრდა ასაკის გამო ასტრაზენეკა ვერ გაუკეთდებოდა, სინოფარმით და სინოვაკით არიან აცრილები!

ჩემი მეზობელი აცრილი იყო და მაინც დაემართო კოვიდ-ი.

‼️ პასუხი: დიახ, შესაძლებელია. ვაქცინაცია 100%-იან დაცვას ინფიცირების წინააღმდეგ არ იძლევა, მაგრამ გიცავთ მძიმე მიმდინარეობისგან. ეს ნიშნავს, აცრილებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქუდ გადაიტანენ, ვიდრე აცრის გარეშე გადაიტანდნენ. შეიძლება კლინიკაშიც და ინტენსიურშიც მოხვდნენ, მაგრამ გადარჩენის ბევრად (!) მეტი შანსი აქვთ ვიდრე აცრის გარეშე.

ხშირად მოდის ქრონიკულ დაავადებათა სია კითხვით, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ დაავადებით ადამიანი აიცრას.

‼️ პასუხი: რაც უფრო გრძელია დაავადებათა სია, მით უფრო სწრაფად უნდა აიცრათ!

‼️ არ არსებობს ქრონიკული დაავადება, რომელიც აცრის წინააღმდეგჩვენებას წარმოადგენს! ანუ რა დაავადებაც არ უნდა გქონდეთ, თუ ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია და გამწვავების ფაზაში არ იმყოფებით, შეგიძლიათ და უნდა აიცრათ.

‼️ ალერგიული დაავადებები: თუ ამჟამად გამწვავების ფაზაში არ იმყოფებით, შეგიძლიათ აიცრათ! ექიმმა რა თქმა უნდა წინასწარ უნდა იცოდეს.

‼️ ის, რომ რომელიმე მედიკამენტზე ან სხვა ვაქცინაზე ალერგია გქონდათ, არ ნიშნავს, რომ ამ ვაქცინაზეც გექნებათ. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია სინჯით დაწყება და თუ რეაქცია არ გამოვლინდა, შემდეგ აცრა.

უნდა მოვხსნა თუ არა ესა თუ ის მედიკამენტი აცრის წინ?

‼️ პასუხი: არც ერთი მედიკამენტის, არც სისხლის გამათხევადებლის შეწყვეტა/დაპაუზება აცრის წინ არ არის საჭირო. სითხის გამათხევადებლის მიღების შემთხვევაში მოგიწევთ ნანემსარზე რამდენიმე წუთი თითის დაჭერა, რომ სისხლჩაქცევა არ განვითარდეს.

უნდა დავლიო თუ არა ანტიჰისტამინიკი ან სტეროიდი აცრის წინ გართულებების რისკის შესამცირებლად?

‼️ პასუხი: ცალსახად არა!

აქვს თუ არა აზრი იმუნოსუპრესიულ თერპიაზე მყოფი პაციენტებისთვის აზრი აცრას?

‼️ პასუხი: დიახ! რა თქმა უნდა არ ვიცით გამოუმუშავდება თუ არა ანტისხეულები და რა ტიტრით. დღესდღეობით საუბარია ასეთი პაციენტების ორის ნაცვლად სამი დოზით აცრაზე და მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამასთან დაკავშირებით, მანამდე კი უნდა ავიცრათ მინიმუმ 2 მიზეზით: ანტისხეულები რომც არ გამომუშავდეს არსებობს უჯრედული იმუნეტეტი და მოსაზრება, რომ დაცვა ანტისხეულების გარეშეც არსებობს და მეორე, ასეთ პაციენტებს ვაქცინაციის გართულებების მომატებული რისკი ნამდვილად არ აქვთ და რატომ არ უნდა გამოიყენონ ის მინიმალური შანსი მაინც რაც აქვთ?!

‼️ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კოვიდ-აცრა არ ტარდება,'' - აღნიშნავს ექიმი თამარ ჟამურაშვილი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

ფილტვების მარტივი სავარჯიშო თაბახის ფურცლის გამოყენებით - რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას რჩევები

ფილტვების მარტივი სავარჯიშო თაბახის ფურცლის გამოყენებით - რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას რჩევები

​რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ფილტვის დაზიანების შემთხვევაში სუნთქვითი ვარჯიშების მნიშვნელობაზე საუბრობს:

„სუნთქვითი ვარჯიშისთვის შეიძლება უბრალოდ თაბახის ფურცელი ავიღოთ, მაღლა ავწიოთ და როგორც სანთელს ვუბერავთ, შევუბეროთ სული. ვეცადოთ, რომ ფურცელი რაც შეიძლება დიდხანს ავწიოთ მაღლა. შემდეგ ვარჯიშს უფრო ვართულებთ. ფურცელი უნდა გავწიოთ ცოტა უფრო წინ. თუ ვარჯიშის შესრულება გვიჭირს, ფურცელი ახლოს უნდა მოვიტანოთ. ​თუ რესპირატორული სიმპტომები უფრო გამოხატულია, ხველაა, ტემპერატურაა და ფიქრობთ, რომ ფილტვი დაზიანებულია, ამ ვარჯიშს ვაკეთებთ საათში ერთხელ, თუ არა - დღეში რამდენჯერმე.“

​არჩილ მარშანია კოვიდ-19-ით თავადაც იყო ინფიცირებული. მისი თქმით, მას ყნოსვა და გემო 100 %-ით ჰქონდა დაკარგული:

„მე ყნოსვის და გემოს დაკარგვა გამომივლინდა სიმპტომების დაწყებიდან მეოთხე-მეხუთე დღეს. მქონდა ყნოსვის და გემოს 100 %-იანი დაკარგვა. ორივე სამ-ოთხ დღეში აღდგა თავისით. სხვადასხვა არომატებს ვცდიდი, აჯიკაც ვცადე. ამ დროს არ უნდა გამოვიყენოთ მძაფრი სუნის მქონე ქიმიური საშუალებები. მსუბუქ და ასიმპტომურ კოვიდს არ სჭირდება არც გამოკვლევები და არც მკურნალობა. ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც მივიღე, იყო იბუპროფენი. მქონდა ცხელება და კუნთების ტკივილი. ​მაქვს ქრონიკული სინუსიტი და ვიყენებდი ცხვირის სპრეის. სხვა არანაირი მედიკამენტი არ მიმიღია. მე არც ანალიზები ჩამიტარებია. თუ რამის გადამოწმება გსურთ, ანალიზით არაფერი შავდება. ხშირად საუბრობენ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. კომპიუტერული ტომოგრაფია არაფრის მომცემია მსუბუქ პაციენტებში. ის საჭიროა ჰოსპიტალში გადაყვანილი მძიმე პაციენტებისთვის, როდესაც ეჭვი გვაქვს თრომბოემბოლიაზე ან მძიმე ბაქტერიულ გართულებებზე.“

„რამდენიმედღიანი მაღალი ცხელება არ არის იმის ნიშანი, რომ გამოკვლევები გჭირდებათ. თუ არის ცხელება და რაიმე თანდართული დაავადება, ამის მიხედვით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რა ანალიზები გჭირდებათ. მხოლოდ ცხელება რაიმეს ნიშანი არ არის. ვირუსულ ინფექციებს ზოგადად ახასიათებს ცხელება. ​38,5 ცხელებაზე მაღლა თუ არ არის ტემპერატურა, მედიკამენტიც არ გვჭირდება. ესეც ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. თუ სერიოზული დისკომფორტი გაქვთ, თავი არ უნდა დაიტანჯოთ და მიიღოთ მედიკამენტი,“ - აცხადებს არჩილ მარშანია.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად