არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
შემოდგომაზე სკოლებში სწავლის განახლება იქნება თუ არა უსაფრთხო? - პაატა იმნაძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან.
„ბავშვი საიდანღაც ხომ ინფიცირდება? ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან იქ, სადაც დადის. როგორც იცით, ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში დაშვებულია 12 წლიდან. ჩინეთში საუბარია, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამანი აცრილი - მილიარდ-ნახევარი აცრა ჩატარებულია უკვე. როგორც კი ეს საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენთანაც შემოივიტანოთ. მანამდე გზა იმისთვის, რომ ბავშვები ავად არ გახდნენ, ისაა, რომ უფროსები აცრილები ვიყოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.