არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
,,მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს''
,,ამ ეტაპზე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მოსახლეობას, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს დაგვიცავს ორი ინფექციის ზედდებისგან, რაც კოვიდინფექციას არ დაამძიმებს. პირველი მაინც რეგულაციებია, პირბადე, რომელიც დაგვიცავს როგორც გრიპისგან, ასევე კოვიდინფიცირებისგან,'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმები ტრენინგები, შესაბამისად, მედიკოსები მზად არიან მართონ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტები.
„ჩვენ ცენტრში გახლავთ 62 კოვიდინფიცირებული, უმეტესობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს კრიტიკული პაციენტებიც, მაგრამ ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ამჟამად არ არიან და მიმდინარეობს მკურნალობა“,- დასძინა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.