არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„კარდაკარ უნდა მივიდეთ, მივაკითხოთ ყველას, ინდივიდუალურად დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არ არის სახიფათო,“ - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად ორი ეფექტიანი გზა დაასახელა:
„რა უნდა ვქნათ? ჩემი აზრით, არის რამოდენიმე გზა. თუ ამას ჯანდაცვის სისტემის რესურსი ეყოფა, კარდაკარ უნდა მივიდეთ, მივაკითხოთ ყველას, ვკითხოთ, რატომ არ იცრებიან. ინდივიდუალურად დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არ არის სახიფათო. რა უნდა ამის დარწმუნებას? ორი მილიონი დოზაა გაკეთებული და მძიმე გართულების ერთადერთი შემთხვევა იყო, ისიც პირველ დღეს. ყველგან 200-300 ათას კაცზე ერთი გართულება მოდის.“
თენგიზ ცერცვაძის თქმით, აუცრელი ადამიანების ნაწილს აცრა აშინებს, ნაწილი კი ვაქცინის გაკეთებას საჭიროდ არ თვლის:
„ნაწილს ეშინია, რომ გართულებები იქნება. ნაწილი არ თვლის აცრას საჭიროდ. ნაწილი გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ კოვიდი არსებობს, მაგრამ ეს ჩვენ არ შეგვეხება. ასე არ შეიძლება. ინდივიდუალურად უნდა დავარწმუნოთ ყველა, მაგრამ ამას დიდი რესურსი სჭირდება.“
„მეორე გზა არის, რომ შემოვიღოთ სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის, როგორც გააკეთა ეს ამერიკამ, საფრანგეთმა და ევროპის ქვეყნებმა. არც იმათ არ უნდოდათ ამის გაკეთება. იქაც აპროტესტებდა ხალხი. წყლის ჭავლით და გაზით უხდება პოლიციას მათი დაშლა, მაგრამ იძულებულნი არიან,“ - აღნიშნულ საკითხზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.