არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.geგთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები „წამოწოლილი“ პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!
ამას შემდეგ მოსდევს სრულიად გაუმართლებელი ჰორმონოთერაპია, (რასაც სტაციონარში მოხვედრილების უმრავლესობას უტარებენ), ანტიკოაგულაცია (ასევე უმრავლესობას უკეთდება) და ანტიბიოტიკოთერაპია. აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე (მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მაინც პრობლემაა).
თუ ოდესმე გვეღირსება და მხოლოდ ათგვერდიანი პასკვილების მაგივრად, დასაბუთებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც ვნახავთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის და გამოსავლების შესახებ, ეს ყველაფერი აშკარა გახდება, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დროც არ არის. მთავარია, დროულად გავათავისუფლოთ სტაციონარები (ანუ დროულად გავწეროთ პაციენტები) და ასევე შევწყვიტოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციები, თორემ თუ ტემპი ასე გაგრძელდა, მივიღებთ ისევ იგივე სურათს, ისტერიულად რომ იწყებოდა თავისუფალი საწოლების ძებნა კლინიკებში და მართლა მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ძალიან ხშირად ყოვნდებოდა.
და კიდევ, რემდესევირი რომ არ მუშაობს, მტკიცებულება კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა და თუ ჩვენთან სხვა მონაცემებია, იქნებ, ესეც გვაჩვენონ. ნუღარ ვაწვალებთ ჰოსპიტალიზებული პაციენტების პატრონებს ამ უსარგებლო წამლის გამოყენების ნებართვის აღებაზე,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„ეს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი წამალი, რომლის მიღება სახლში შეიძლება,“ - ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ზაზა წერეთელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის შესახებ ისაუბრა:
„გუშინ FDA-მ დაამტკიცა ახალი წამალი „ფაიზერის“ მიერ წარმოებული, რომელიც აღმოჩნა, რომ 90%-ით ამცირებს სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას, როდესაც მისი მიღება დაიწყება. ეს არის აბები, ეს არის პირველი წამალი, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში.“
ზაზა წერეთელმა აღნიშნა, რომ ახალი მედიკამენტი პაციენტმა პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა მიიღოს:
„მართალია ამ მომენტისთვის ძვირი ღირს ეს კურსი დაახლოებით 500 დოლარი ღირს, მაგრამ მას შემდეგ რაც წარმოება გაიზრდება და გავრცელდება ეს წამალი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი ფასი ნელ-ნელა დაიკლებს. როგორც „ფაიზერმა“ აღნიშნა, ეს მედიკამენტი მუშაობს „ომიკრონზე,“- აღნიშნულ საკითხზე ზაზა წერეთელმა რადიო „ფორტუნას" ეთერში ისაუბრა.