Baby Bag

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

ენათ­მეც­ნი­ე­რმა მა­რი­ნე ბე­რი­ძემ კორონავირუსი მძიმედ გადაიტანა. სწორედ ამ პერიოდს უძღვნის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,წუთშესვენება უნდა გამოვიყენო და ეს დავწერო.

...

ჯერ მეგონა, რომ იმისთვის გადავრჩი, რომ ყველაფერი, ყველაფერი, რაც ვნახე და განვიცადე, მომეთხრო სხვებისთვის და თუნდაც ერთი ადამიანი გადამერჩინა...

იმდენად გრძელი აღმოჩნდა გზა რეანიმაციის "ზედა სართულიდან" ფეისბუკურ ოხშივრამდე, რომ ეს სურვილი შეგნებულად ჩავახშე ჩემში. არ იყო ადვილი მაშინ, მაგრამ ჯერ ალღომ, მერე გარემოზე დაკვირვებამ მიკარნახა. ბოლოს გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ოდესმე იქნებ მოიტანოს სიტყვამ და ვთქვა.

ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო? რატომ დაემსგავსეთ საკუთარი ლეკვების მჭამელ იშვიათ ცხოველებს? ვისი სახელით? ვინც გითხრათ, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის?!

სინამდვილეში, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც "ორშაბათიც შაბათია" ამ ქვეყანაზე!

მოკლედ, ვიწყებ აქა-იქა გახსენებას. თანმიმდევრული აღწერის არც დრო მაქვს, არც ძალა.

ვაგიფა

როცა ახალგაზრდა მოწყალების "ძმამ" ურიკით თეთრად გაკაშკაშებულ "დარბაზში" შემასრიალა, უკვე ისე ვიყავი უჟანგბადობით დაოსებული, კარგად ვერ ვარჩევდი რეალობას და შეგრძნებებს. ერთი პირობა, კინაღამ აფორიაქებულ ანგელოზთა ფარფატად მომეჩვენა ეს უცნაური, ზუზუნა და მოძრავი მდუმარება. პირველი შთაბეჭდილება არ მქონია, რადგან ერთდროულად რამდენიმე ათეული იყო ასეთი: კახი კავსაძე _ თეთრ ლოგინს მიჯაჭვული ამ სიტყვის ყველა ირიბი და პირდაპირი გაგებით, თავადაც მიტკალივით თეთრი; სახეზე შიშშეყინული ინტუბირებული პაციენტები _ უსიცოცხლო სხეულები (დიდხანს ვიფიქრე, ეს ევფემიზმი რომ გამომეყენებინა იმის ნაცვლად, რაც იქ ვიგრძენი), უფანჯრო ოთახის იისფერი შუქი, რომელიც კი არ ანათებს, მარად სიფხიზლედ ხმაურობს და სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე ბეწვის ბილიკს ოდნავ ხილვადობას აძლევს. სულ ოდნავს _ არც ბნელა, არც ნათელია; რეანიმაციის მუსიკა _ ჩაწერილი მაქვს მრავალი წუთი. ამ მუსიკას პაციენტების თავთით დაკიდებული აპარატურა გამოსცემს: წნევა, ტემპერატურა, სატურაცია, გული, თირკმელი.... სხვადასხვა ხმაზე ეხმიანება დიდი მინის ხუფის გადაღმა ჩასაფრებულ ექიმებს. ყური ეჩვევა გვიან. და მერე უკვე გრძნობს, რომ ახლა ჩამოგიდგამენ მწვანე შირმას მარცხნიდან ან მარჯვნიდან _ გააჩნია, ვისი მელოდია ჩაქრა სამუდამოდ აქეთა სამყაროში, ხმამაღლა იტყვიან შენს (ერთადერთი კონტაქტური ავადმყოფის) გასაგონად: წაიყვანეთ რენტგენზე... და გაუყენებენ აჭრიალებული ურიკით გზას. მისი "შემცვლელი" კი უკვე მოგორებულია კარებთან... რიგია რეანიმაციაშიც.

მოკლედ, გამიგრძელდა.

ვაგიფა 20-22 წლის აზერბაიჯანელი გოგონაა. ჩემ მარჯვნივ, კახის შემდეგ წევს, ფანჯარასთან. სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა, ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას. ჯერ არც ვიცი რომ ვაგიფაა... კვნესის. მაფხიზლებს და უცნაურ ძალას მაძლევს მისი კვნესა. მავიწყდება წუთით ჩემი გასაჭირი და მისკენაა მთელი ჩემი ყურადღება მობილიზებული. ფრაგმენტებად ვაგროვებ "მიხვედრებს": ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იგუდება. ვერ სუნთქავს. ტირის. ქართული არ იცის. სულ ცოტა რუსული. ექთნებმა რუსული არ იციან. ვიღას ახსოვს საკუთარი ფილტვების 23 თუ 24 ქულიანი დაზიანება (ვინ გეტყვის მართალს): ვაგიფა! უნდა ჭამო! რაღაც მაინც უნდა შეჭამო, ასე თქვა ექიმმა! გავძახი რუსულად. _ არ შემიძლია! _ მპასუხობს , თან ხველა ახრჩობს! _ ცოტა, სულ ცოტა... აი, ეს... ექთანს ვატან რაღაცას, არც მახსოვს რას. ალბათ ხილს? ხაჭაპურს? _ ვერ ვიხსენებ. ერთ - ორ ლუკმას ჭამს. არ შეუძლია, ტირის. ისე ტრიალებენ, ისე შფოთავენ, ისე დასტრიალებენ, მგონი... ღმერთო! არა! _ვაგიფა! _ ვყვირი მთელი ხმით _ ისუნთქე, ღმად, ღრმად ისუნთქე, არ გაჩერდე!.. _არა, ვაგიფა! ბავშვს რა ჰქვია, რა დაარქვი გოგონას? _ გავყვირი ისევ (მაინც ვერავის გავაღვიძებ). _ არ ვიცი, ვერ მოვასწარი სახელის დარქმევა _ მპასუხობს ძალაგამოლეული, თითქოს ახლა გაახსენდა, რომ სახელი არ აქვს მის შვილს. ვხვდები, რომ გამოცოცხლდა. ლოყებზე ფერი დაეტყო. _ ვაგიფა, საყვარელო, ახლა ის მარტოა, შეშინებულია, მისთვის უნდა გადავრჩეთ, მეც და შენც. არ მიატოვო, არ მიატოვო, ვაგიფა! _ ყველა დაძახებაზე კრთება და თვალს ძალისძალად ახელს. _ ვაგიფა, ელაპარაკე, ელაპარაკე შენს შვილს. უთხარი რომ გიყვარს,. უთხარი, რომ გადარჩები, დამპირდი, რომ არ მოკვდები! ვაგიფა!

...

სამი, ოთხი, ხუთი... არ ვიცი, რამდენი დღის შემდეგ, ჩემს გვერდით კიდევ ერთხელ რომ ჩამოაფარეს შირმა და მერე ადგილი გათავისუფლდა, ვაგიფა ჩუმად, ხვეწნით ეუბნება ექთანს: ა მოჟნო მნე კ ეტოი ტიოტე...

აუხსნეს, რომ ამ ფანჯარასთან თურმე იმიტომ წევს, რომ გინეკოლოგმა, რომელიც ბლოკში ვერ შემოდის, ფანჯრიდან ნახოს და შეაფასოს მისი ჭრილობები. დანანაებით გადმომხედავს. სუსტი, იისფერი ღიმილით მიღიმის.

...

მალე გადაჰყავთ სხვა პალატაში.

მადლიერების მზერით მემშვიდობება. რა იცის, მე რა მადლიერი ვარ. რამხელა როლი აქვს ჩემს გადარჩენაში.

მაშინ არ მიტირია. ახლა ვწერ და ვტირი. მაქვს უფლება.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როდესაც ადამიანებს ყოველდღე სიკვდილით აშინებ და სტრესავ, სახლში გამოკეტავ, სამსახურში წასვლას აუკრძალავ, ყოველგვარ გასართობს მოუსპობ... ამით ფსიქიკას ისეთი გამოუსწორებელი ზიანი ადგება და ეს ყველაფერი თურმე იმიტომ, რომ არ გავცივდეთ?''

,,როდესაც ადამიანებს ყოველდღე სიკვდილით აშინებ და სტრესავ, სახლში გამოკეტავ, სამსახურში წასვლას აუკრძალავ, ყოველგვარ გასართობს მოუსპობ... ამით ფსიქიკას ისეთი გამოუსწორებელი ზიანი ადგება და ეს ყველაფერი თურმე იმიტომ, რომ არ გავცივდეთ?''

​,,ბ–ნ ამირან გუშინ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში არიან ჯგუფები, რომლებიც ამბობენ რომ კორონა არ არსებობს...

მე ჯერ არსად გამიგია, ვინმე ნორმალურს ეთქვას, რომ კორონა ვირუსი ან არარსებობს ან მისგან ხალხი არ იღუპება, მაგრამ სხვა საქმეა იმ მსოფლიო „კორონა–პანდემიის“ ტყუილში მხილება, რომელიც თავს მოახვიეს კაცობრიობას!

დავიჯერო თქვენ არ გაგიგიათ ბონის უნივერსიტეტის კვლევის შესახებ? სადაც ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა ჰენდრიკ შტრიკმა განაცხადა, რომ სტატისტიკის დათვლაში ადგილი აქვს მიკერძოებას და სიყალბეს. კვლევის შედეგების მიხედვით კორონავირუსის შედეგად გარდაცვალება 0.37%-ია და არა 3,4%, როგორც ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა?

არც ჰამბურგის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორის პროფესორის კლაუს პოიშელის განცხადება მოგისმენიათ, სადაც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ყველა გარდაცვლის კორონავირუსს მიაწერენ და სწორედ ეს ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას და ხალხი შეშინებულია, რადგან ყოველდღე ისმენს ამის შესახებ ტელევიზიით?

არც სტენფორდელი მეცნიერის, ექიმ ჯონ იოანიდისის, კვლევის შესახებ გსმენიათ რაიმე? რომელიც კალიფორნიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ამტკიცებს, რომ კორონას სიკვდილიანობის მაჩვენებელი სეზონური გრიპის ტოლია და სიკვდილიანობის პროცენტი არსებულზე 50–ჯერ ნაკლებია?

არც ნიუ-იორკში ჩატარებული კვლევის შესახებ გსმენიათ რაიმე? სადაც დაადგინეს, რომ დაავადება მოსახლეობის 13.9%-ს ისე აქვს გადატანილი, რომ ამ ადამიანებმა ვირუსი ისე მოიხადეს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ არც კი იცოდნენ?

არც კალიფორნიის და ჩრდილოეთ კაროლინის მედიცინის ცენტრის დირექტორის რაშიდ ბუტარის გამოსვლა მოგისმენიათ? სადაც განაცხადა, რომ ყალბი პანდემიის ორგანიზებაში გეითსი და ფაუჩი მონაწილეობენ და კოლოსალურ მოგებას ელოდებიან? ხოლო იმ ექიმებს ვინც ამ კორონააფიორაზე ხმის ამოღებას ბედავს იდევნებიან, მათ შორის სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში?

არც ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევის შედეგების შესახებ გსმენიათ? რომელიც ავსტრიის კურორტ იშგილზე ჩატარდა და სადაც დადგინდა, რომ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის 42,4%–ს სხეულში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, ანუ ვირუსი გადატანილი ჰქონდათ? და მაგ 42,4 პროცენტიდან 85–მა პროცენტმა ვირუსი ისე გადაიტანეს საერთოდ რომ არ იცოდნენ ამის შესახებ?

არც ავსტრიელი პოლიტიკოსის ჰერბერტ კიკლის 22 აპრილის გამოსვლა გინახავთ ავსტრიის პარლამენტში? რომელმაც ხელისუფლება ცრუ პანიკაში და მოსახლეობის დაშინებაში დაადანაშაულა?

არც იტალიელი პოლიტიკოსის ვიტორიო სგარბის გამოსვლა გინახავთ იტალიის პარლამენტში? სადაც განაცხადა, რომ იტალიაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ციფრები ტყუილია და გაბერილი?

არც რობერ ფრენსის კენედის გამოსვლისთვის მოგისმენიათ? 29 აგვისტოს ბერლინში გამართულ მრავალათასიან კორონას აქციაზე, სადაც ფარდა ახადა კორონა აფიორას და ამ ყველაფრის ორგანიზებაში ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა?

ჩვენი ქვეყნის გაღატაკებული მოსახლეობა რეგულაციების დაწესებით დიდხანს რომ ვერ გაძლებს ეს ხომ იცით? ბ–ნმა თენგიზ ცერვაძემ მაისში სწორედ ის განაცხადა, რასაც დიდი ხანი ვამბობდი: "ჩვენ ასე დიდხანს ვერ ვიცხოვრებთ, ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაძლებს, რა მნიშვნელობა აქვს კორონა მოგკლავს თუ შიმშილი?"

ის ხომ ნამდვილად იცით, რომ ხალხი ყოველწლიურად ასევე იღუპებოდა სხვადასხვა სეზონური გრიპებისგანაც და მაშინაც ძირითადად იმუნიტეტ დაქვეითებულებს, მძიმე ავადმყოფებს და ასაკოვან ადამიანებს კლავდა? რომ ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპით 5 მილიონამდე ადამიანი მძიმედ ავადდებოდა, 650 000–მდე კი გარდაიცვლებოდა? როდესაც დღეს მსოფლიოში არსებულ 900 000 გარდაცვლილზე საუბრობთ, ხომ იცით რომ ციფრები გაბერილია და ხშირად სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლის ადამიანებს კორონას მიაწერენ?

როგორც პროფესიანალმა მედიკოსმა, ისიც ხომ ძალიან კარგად იცით, რომ სტრესი აქვეითებს იმუნურ სისტემას და ადამიანებს ვირუსის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის?
როდესაც ადამიანებს ტელემედიიდან ყოველდღე სიკვდილით აშინებ და სტრესავ, სახლში გამოკეტავ, სამსახურში წასვლას აუკრძალავ, ყოველგვარ გასართობს მოუსპობ (რესტორანი, კინო, თეატრი, სტადიონი...), ერთმანეთისგან დისტანციას მოსთხოვ, ნიღბით ტარებას აიძულებ, ამით ფსიქიკას ისეთი გამოუსწორებელი ზიანი ადგება, რომელიც შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდეს და ეს ყველაფერი თურმე იმიტომ, რომ არ გავცივდეთ? შეგახსენებთ, ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადან გებრეიესუსის 6 სექტემებრის განაცხადებას: კორონავირუსის პანდემიამ მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოახდინა გავლენა. მსოფლიოში თვითმკვლელობების რიცხვი გაიზარდა და ეს კორონას გამო გამო სოციალური ურთიერთობების შეზღუდვებს უკავშირდება...

ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, რომ ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, იგი შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერ–წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. 2014 წელს აქტიური ტუბერკულოზის 9,6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1,5 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. ანუ სიკვდილიანობა დაახლოებით 14%–ია! 2014 წელს რატომ არ ატარებდნენ ხალხს ნიღბებით და რატომ არ გააჩერეს მსოფლიო?

ბ–ნ ამირან, თქვენ გუშინ ასევე მოუწოდეთ საზოგადოებას: როდესაც დაინახავთ, რომ საზოგადეობრივ ტრანსპორტში ვინმეს ნიღაბი სწორად არ უკეთია, შენიშვნა მიეცითო. თქვენ ხომ იცით რომ პირბადე ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება და ასევე ვერ იცავს ადამიანს ვირუსისგან, მითუმეტეს პირბადე რომელიც მრავალჯერადად გამოყენებულია? თქვენ ასევე მოუწოდებდით საზოგადოებას აღდგომას ეკლესიაში არ წახვიდეთო, თქვენი მეგობარი პაატა იმნაძე კი კუბოებით აშინებდა ხალხს. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ცდებოდით და აღიარეთ, რომ საქართველოში, რელიგიურ დღესასწაულებზე ვირუსის ფართოდ გავრცელების ფაქტები არ არსებობს. ასევე შეგახსენებთ, როდესაც მოქალაქეებს ავტომობილში წინა სავარძელზე ოჯახის წევრის დაჯდომას უკრძალავდით და ტრანსპორტი არ მუშაობდა, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის დროს, თქვენ და პაატა იმნაძემ ლუგარის ლაბორატორიის ეზოში ხეების დარგვის აქციაში მიიღეთ მონაწილეობა! ამის ამსახველი კოლექტიური ფოტოც, სადაც დისტანიის და ნიღბების გარეშე ხართ 20–მდე ადამიანი, დაიდო დაადავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ საიტზე! საგანგებო მდგომარების დარღვევას რომ თავი დავანებოთ, როდესაც საზოგადოებას ავალდებულებდით დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას, ვალდებულნი იყავით ჯერ წესები თვითონ დაგეცვათ, მითუმეტეს საჯარო ფოტოზე! როდესაც ამის შესახებ გამხილეთ რამდენიმე წუთში ფოტო საიტიდან წაშალეს, იმიტომ რომ მართალი ვიყავი!

მესმის, რომ ხელისუფლება ღიად ვერ წავა მსოფლიო კორონააფიორის წინააღმდეგ და ლავირება აუცილებელია, მაგრამ გადაწყვეტილებები ლოგიკასთან ახლოს ხომ უნდა იყოს? საბავშვო ბაღების გახსნის 1 ოქტომბრამდე გადაწევა რას ემსახურება? 1 ოქტომბრის შემდეგ კორონა კანკუნში მიდის დასასვენებლად? ან სკოლის მოსწავლეების შერეული დასწრების მოდელი რას ნიშნავს? კორონას კლასების მიხედვით გარჩევითობის უნარი გააჩნია? ან უსიმპტომო პაციენტი რას ნიშნავს? ან უსიმპტომო პაციენტებს როგორ უნდა უმკურნალოთ სასტუმროებში? ქორწილებს და ქელეხებს რომ კრძალავთ, საარჩევნო შეკრებებს კი არა, რა მასკარადთან გვაქვს საქმე?

ბ–ნო ამირან თებერვალსა და მარტში, სანამ მოსახლეობა გაერკვეოდა თუ რასთან გვქონდა საქმე, საზოგადოებაში დიდი სიყვარული დაიმსახურეთ, შეგახსენებთ იმასაც, რომ სიყვარულსა და სიძულვილს შორის ძალიან მცირე მანძილია! ამიტომ მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ ეს სიყალბე და ემსახუროთ სიმართლეს!''

ავტორი: საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე

წაიკითხეთ სრულად