Baby Bag

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

,,ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო?''

ენათ­მეც­ნი­ე­რმა მა­რი­ნე ბე­რი­ძემ კორონავირუსი მძიმედ გადაიტანა. სწორედ ამ პერიოდს უძღვნის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,წუთშესვენება უნდა გამოვიყენო და ეს დავწერო.

...

ჯერ მეგონა, რომ იმისთვის გადავრჩი, რომ ყველაფერი, ყველაფერი, რაც ვნახე და განვიცადე, მომეთხრო სხვებისთვის და თუნდაც ერთი ადამიანი გადამერჩინა...

იმდენად გრძელი აღმოჩნდა გზა რეანიმაციის "ზედა სართულიდან" ფეისბუკურ ოხშივრამდე, რომ ეს სურვილი შეგნებულად ჩავახშე ჩემში. არ იყო ადვილი მაშინ, მაგრამ ჯერ ალღომ, მერე გარემოზე დაკვირვებამ მიკარნახა. ბოლოს გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ოდესმე იქნებ მოიტანოს სიტყვამ და ვთქვა.

ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ _ რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო? რატომ დაემსგავსეთ საკუთარი ლეკვების მჭამელ იშვიათ ცხოველებს? ვისი სახელით? ვინც გითხრათ, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის?!

სინამდვილეში, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც "ორშაბათიც შაბათია" ამ ქვეყანაზე!

მოკლედ, ვიწყებ აქა-იქა გახსენებას. თანმიმდევრული აღწერის არც დრო მაქვს, არც ძალა.

ვაგიფა

როცა ახალგაზრდა მოწყალების "ძმამ" ურიკით თეთრად გაკაშკაშებულ "დარბაზში" შემასრიალა, უკვე ისე ვიყავი უჟანგბადობით დაოსებული, კარგად ვერ ვარჩევდი რეალობას და შეგრძნებებს. ერთი პირობა, კინაღამ აფორიაქებულ ანგელოზთა ფარფატად მომეჩვენა ეს უცნაური, ზუზუნა და მოძრავი მდუმარება. პირველი შთაბეჭდილება არ მქონია, რადგან ერთდროულად რამდენიმე ათეული იყო ასეთი: კახი კავსაძე _ თეთრ ლოგინს მიჯაჭვული ამ სიტყვის ყველა ირიბი და პირდაპირი გაგებით, თავადაც მიტკალივით თეთრი; სახეზე შიშშეყინული ინტუბირებული პაციენტები _ უსიცოცხლო სხეულები (დიდხანს ვიფიქრე, ეს ევფემიზმი რომ გამომეყენებინა იმის ნაცვლად, რაც იქ ვიგრძენი), უფანჯრო ოთახის იისფერი შუქი, რომელიც კი არ ანათებს, მარად სიფხიზლედ ხმაურობს და სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე ბეწვის ბილიკს ოდნავ ხილვადობას აძლევს. სულ ოდნავს _ არც ბნელა, არც ნათელია; რეანიმაციის მუსიკა _ ჩაწერილი მაქვს მრავალი წუთი. ამ მუსიკას პაციენტების თავთით დაკიდებული აპარატურა გამოსცემს: წნევა, ტემპერატურა, სატურაცია, გული, თირკმელი.... სხვადასხვა ხმაზე ეხმიანება დიდი მინის ხუფის გადაღმა ჩასაფრებულ ექიმებს. ყური ეჩვევა გვიან. და მერე უკვე გრძნობს, რომ ახლა ჩამოგიდგამენ მწვანე შირმას მარცხნიდან ან მარჯვნიდან _ გააჩნია, ვისი მელოდია ჩაქრა სამუდამოდ აქეთა სამყაროში, ხმამაღლა იტყვიან შენს (ერთადერთი კონტაქტური ავადმყოფის) გასაგონად: წაიყვანეთ რენტგენზე... და გაუყენებენ აჭრიალებული ურიკით გზას. მისი "შემცვლელი" კი უკვე მოგორებულია კარებთან... რიგია რეანიმაციაშიც.

მოკლედ, გამიგრძელდა.

ვაგიფა 20-22 წლის აზერბაიჯანელი გოგონაა. ჩემ მარჯვნივ, კახის შემდეგ წევს, ფანჯარასთან. სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა, ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას. ჯერ არც ვიცი რომ ვაგიფაა... კვნესის. მაფხიზლებს და უცნაურ ძალას მაძლევს მისი კვნესა. მავიწყდება წუთით ჩემი გასაჭირი და მისკენაა მთელი ჩემი ყურადღება მობილიზებული. ფრაგმენტებად ვაგროვებ "მიხვედრებს": ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იგუდება. ვერ სუნთქავს. ტირის. ქართული არ იცის. სულ ცოტა რუსული. ექთნებმა რუსული არ იციან. ვიღას ახსოვს საკუთარი ფილტვების 23 თუ 24 ქულიანი დაზიანება (ვინ გეტყვის მართალს): ვაგიფა! უნდა ჭამო! რაღაც მაინც უნდა შეჭამო, ასე თქვა ექიმმა! გავძახი რუსულად. _ არ შემიძლია! _ მპასუხობს , თან ხველა ახრჩობს! _ ცოტა, სულ ცოტა... აი, ეს... ექთანს ვატან რაღაცას, არც მახსოვს რას. ალბათ ხილს? ხაჭაპურს? _ ვერ ვიხსენებ. ერთ - ორ ლუკმას ჭამს. არ შეუძლია, ტირის. ისე ტრიალებენ, ისე შფოთავენ, ისე დასტრიალებენ, მგონი... ღმერთო! არა! _ვაგიფა! _ ვყვირი მთელი ხმით _ ისუნთქე, ღმად, ღრმად ისუნთქე, არ გაჩერდე!.. _არა, ვაგიფა! ბავშვს რა ჰქვია, რა დაარქვი გოგონას? _ გავყვირი ისევ (მაინც ვერავის გავაღვიძებ). _ არ ვიცი, ვერ მოვასწარი სახელის დარქმევა _ მპასუხობს ძალაგამოლეული, თითქოს ახლა გაახსენდა, რომ სახელი არ აქვს მის შვილს. ვხვდები, რომ გამოცოცხლდა. ლოყებზე ფერი დაეტყო. _ ვაგიფა, საყვარელო, ახლა ის მარტოა, შეშინებულია, მისთვის უნდა გადავრჩეთ, მეც და შენც. არ მიატოვო, არ მიატოვო, ვაგიფა! _ ყველა დაძახებაზე კრთება და თვალს ძალისძალად ახელს. _ ვაგიფა, ელაპარაკე, ელაპარაკე შენს შვილს. უთხარი რომ გიყვარს,. უთხარი, რომ გადარჩები, დამპირდი, რომ არ მოკვდები! ვაგიფა!

...

სამი, ოთხი, ხუთი... არ ვიცი, რამდენი დღის შემდეგ, ჩემს გვერდით კიდევ ერთხელ რომ ჩამოაფარეს შირმა და მერე ადგილი გათავისუფლდა, ვაგიფა ჩუმად, ხვეწნით ეუბნება ექთანს: ა მოჟნო მნე კ ეტოი ტიოტე...

აუხსნეს, რომ ამ ფანჯარასთან თურმე იმიტომ წევს, რომ გინეკოლოგმა, რომელიც ბლოკში ვერ შემოდის, ფანჯრიდან ნახოს და შეაფასოს მისი ჭრილობები. დანანაებით გადმომხედავს. სუსტი, იისფერი ღიმილით მიღიმის.

...

მალე გადაჰყავთ სხვა პალატაში.

მადლიერების მზერით მემშვიდობება. რა იცის, მე რა მადლიერი ვარ. რამხელა როლი აქვს ჩემს გადარჩენაში.

მაშინ არ მიტირია. ახლა ვწერ და ვტირი. მაქვს უფლება.''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ასეთ რაღაცებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ'' - აეროპორტის თანამშრომელი საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე

,,ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ასეთ რაღაცებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ'' - აეროპორტის თანამშრომელი საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი ანდრო კიკაბიძე საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე წერს, რომლებიც საკარანტინო ზომების დაცვაზე უარს ამბობენ. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

,,რაც არ უნდა ეცადოს სახელმწიფო რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით რომელსაც ყოვედლღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებული. ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს რა ხდება.

ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა:

- იტყუება საზღვარზე თავის მოგზაურობის ისტორიას
- იტყუება სიმპტომებს და სვავს სიცხის დამწევებს (დალიე აბა რაუნდაქნა სიცხიანი ხოარ იმგზავრებ, მარა რომ ჩამოხვალ თქვი!)
- ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან (და რათქმაუნდა აეროპორტიდანვე რესტორანში წავა და იბლატავებს როგორ მოატყუა მესაზღვრე და ექიმი)


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


- პანიკებში ვარდება როგორც კი კარანტინს უხსენებ, წივის, კივის, ბლატაობს, იფარჩხება და ა. შ.
- გორში ან შორეულ ქალაქებში წასვლაზე უარს ამბობენ, თბილისში უნდა კარანტინში (თითქოს დიდი მნიშვნელობა ქონდეს კარანტინში სად იქნები, მაინც ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ) შეიგნეთ რომ ამ პატარა ქვეყანაში არ გვაქვს ფუფუნება რომ ყველა თავის ქალაქში იყოს კარანტინში.
- უზრდელობა, უპატივცემულობა, შეუგნებლობა, პრეტენზიები პოლიციელების, ოფიცრების და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათი ამ საშიშროებას თვალებში უყურებენ, ოჯახებში იმის შიშით მიდიან რომ, შვილს, ცოლს და დედას შეიძლება ვირუსი გადადონ, იმიტორო უამრავ შეუგნებელთან ლაპარაკისას შეიძლებოდა გადადებოდა და არც იცის.
- ,,6 საათია გზაში ვარ 3 საათი ვერ დავიცდი სპეციალურ კარავში ან ზონაში რომ სპეციალურმა დეზინფექცირებულმა ტრანსპორტმა კარანტინში გადამიყვანოს, ეს რაუბედურებაა რამომსახურეობაა, არანაირი კომფორტი" (რა კომფორტი!!!! გეგონება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და სახელმწიფოს სერვისს უწუნებენ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ყველაფერი წამიერად იცვლება მთელს მსოფლიოში და ჩენც ამაზე ვართ დამოკიდებულები) ამდროს მესაზღვრეები და თანამშრომლები 48 საათის უძინარები ფეხზე დგანან და მისნაირ ქვეყნის მტერს უძლებენ ყოველ 2 წუთში, 5ს ერთად. 
- რომ ვნერვიულობ სიცხე მიწევს 
- მე სულ 37.5 მაქვს სიცხე 
- იტალიაში რა მინდოდა, არ ვყოფილვარ, კიევიდან მოვფრინავ (Facebook-ზე 4 დღის წინ სურათი აქვს დადებული კოლიზეუმთან) 
- არავის შევხებივარ იტალიაში, სულ სახლში ვიყავი და სახლშიც კი პირბადე მეკეთა.... 
- არანაირი პატივისცემა ფორმის, ასაკის, სქესის, სტატუსის, ზრდილობის! არაფრის მიმართ! 

ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ასეთ რაღაცეებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ, ჩემი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენი მომავლის ინტელექტუალური მარაგია!

გთხოვთ ყველას ვინც ამას კითხულობთ! მსოფლიო პანდემია არის მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისთვის და ყველაზე მეტად ჩვენნაირი პატარა და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან. გამოიჩინეთ ის სანაქებო ქართული გვერდშიდგომა და 2 კვირა მოუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ სხვებიც უსაფრთხოდ იყვნენ!!! მესაზღვრეები, მებაჟეები, ექიმები და ყველა სხვა თანამშრომელი, ყველანაირ ადამიანურ ლიმიტს არიან გამცდარები თავიანთი მუშაობით! საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი რიგითისგან ვერ გაარჩევთ ისეთი მონდომებით და პატრიოტიზმით მუშაობენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ! წარმოუდგენელ გამძლეობას და მონდომებას იჩენენ და დაუფასეთ! პატივი ეცით რასაც გეუბნებიან, დაემორჩილეთ და არაფერი გვემუქრება. 25 ინფირებული როა დღეს და არა 25 000 ისევ ამ სიმკაცრის, ქვეყნის და ამ თანამშრომლების დამსახურებაა, უბრალოდ იცოდეთ მათაც აქვთ ზღვარი სადაც გადაიწვებიან, გული აუცრუვდებათ იმათზე ვინც უნდა დაიცვან და მერე აღარაფერი გიშველით.

არც ის ხელფასი და არც ის წოდება არ ღირს იმად რასაც ეს ხალხი უძლებს და უყურებს, მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყანა და საკუთარი ხალხი უყვართ! 23 წლის ლაწირაკი რო თვალების ქაჩვით 60 წლის ოფიცერს უყვირის, მაშინ როცა ის კაცი ქვეყანას იცავს და ისევ მასზე და მის ოჯახზე ზრუნავს, არანაირ მორალში და შეგნებაში არ ჯდება! დაუდექით გვერდში ერთმანეთს, არაა დღეს პრეტენზიების და შეუგნებლობის დრო!

გააკეთეთ ის რასაც გეუბნებიან თუ არადა დავადგებით იტალიის, ირანის და სხვა ეპიდაფეთქების პირას მყოფი ქვეყნების გზას! გადავშენდებით, ან კაი ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით.

გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!'' - აღნიშნავს ანდრო კიკაბიძე. 

წაიკითხეთ სრულად