Baby Bag

,,ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობა ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?''

,,ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობა ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?''
ამერიკაში მომუშავე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციის შესახებ წერს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში დღითიდღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყიფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა. იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპუტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება?

ნუთუ ასე რთულია გავიგოთ, ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობა ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?

სანამ დროა, იქნებ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს...

აიცერით, დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე, დაიცავით ჰიგიენის წესები, შეწყვიტეთ პრევენციის წესების უგულვებელყოფით გამართული დიდი თავყრილობები.

გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, გთხოვთ,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.

 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთ​ელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პირობებში განქორწინების მსურველთა რიცხვი მატულობს

კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. როგორც აღმოჩნდა, დაოჯახებულ ადამიანებს ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადასვლა გაუჭირდათ. ბევრ წყვილს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, ზოგიერთებმა კი ოჯახის შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და განქორწინება გადაწყვიტეს.

სახლში ერთსა და იმავე ადამიანებთან ერთად გამოკეტვამ, შეიძლება, ყველაზე მყარი ოჯახებიც კი დაანგრიოს. იზოლაციას ფინანსური კრიზისით გამოწვეული სტრესიც ემატება, რაც წყვილების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. თუ თვითიზოლაციაში ხართ და მეუღლესთან კონფლიქტი ხშირად გაქვთ, მარტო არ ხართ. მას შემდეგ, რაც ქვეყნების უმრავლესობა საგანგებო რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, მსოფლიო მასშტაბით განქორწინების მსურველთა რიცხვი იმატებს. ადვოკატები, რომლებიც განქორწინების საკითხებზე მუშაობენ, ღიად აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.

„ფინანსური კრიზისი უთანხმოების მთავარი მიზეზია, ამას ემატება იზოლაციით გამოწვეული სტრესი. მეუღლეები სახლიდან მუშაობენ, განტვირთვას კი ვერ ახერხებენ, ვერ მიდიან კაფეებსა და რესტორნებში, რაც ყველაფერს ართულებს.“ - აცხადებს ცნობილი ავსტრალიელი ადვოკატი ფიონა რეიდი.

ჩინეთში სრული კარანტინის გაუქმების შემდეგ განქორწინებათა რიცხვმა კატასტროფულად მოიმატა. მას შემდეგ, რაც წყვილებმა იზოლაციას თავი დააღწიეს, მათ უდიდეს ნაწილს ერთად ცხოვრების სურვილი აღარ ჰქონდა. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარტის თვეში დაფიქსირდა.

მსოფლიო მასშტაბით იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევებმაც. ჰუნანში, ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ცნობით, განქორწინების მსურველთა რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ განაცხადის შესატანად ადამიანებს გრძელ რიგებში დგომა უწევდათ.

იზოლაცია განსაკუთრებით რთული იმ ოჯახებისთვის არის, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ. ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. ისინი სწავლას დისტანციურად აგრძელებენ. პატარებიც სტრესულ გარემოში ცხოვრობენ. ოჯახური ძალადობის გაზრდილი რიცხვი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. დაუშვებელია, რომ ბავშვები ან ზრდასრულები მოძალადესთან ერთად იზოლაციაში ხანგრძლივად დარჩნენ.

ადვოკატები მეუღლეებს წინდახედულობისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ განქორწინებამდე კარგად დაფიქრდნენ. მათი თქმით, ბავშვების სურვილები, საჭიროებები და ინტერესები უფროსებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მეუღლეებმა ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომლებიც ოჯახის ყველა წევრისთვის საუკეთესო შედეგის მომტანი იქნება.

ადვოკატების მტკიცებით, წყვილებისთვის განქორწინება საკმაოდ ძვირადღირებული და ამავე დროს სტრესული გამოსავალია. მათი თქმით, პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, კამათი, ჩხუბი და დაძაბულობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ადამიანებმა სირთულეები კატასტროფად არ უნდა აღიქვან. თუ მეუღლესთან ხშირად კამათობთ და ურთიერთობა ჩიხში შედის, უმჯობესია, დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ.

ავსტრალიაში წყვილებისთვის სპეციალური დახმარების ცენტრი შეიქმნა. მეუღლეებს, რომლებსაც რჩევა და თანაგრძნობა სჭირდებათ, სპეციალურ ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლიათ, სადაც მათ პროფესიონალები ეხმარებიან. ადამიანებს კრიზისულ ვითარებაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ახასიათებთ, რაც ყოველთვის გამართლებული არ არის. უმჯობესია, თუ განქორწინებაზე განაცხადის შეტანამდე კარგად დაფიქრდებით. მსგავსი გადაწყვეტილებები ერთ ღამეში არ უნდა მიიღოთ. 

მომზადებულია ​thenewdaily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად