,,ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსს დიდი ალბათობით განსხვავებული ქცევის ლოგიკა აქვს ბუნებრივთან შედარებით, რომელიც თავად ,,მშვიდდება" გარკვეული დროის შემდეგ''
ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ექიმი აღიშნავს, ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსს დიდი ალბათობით განსხვავებული ქცევის ლოგიკა აქვს ბუნებრივთან შედარებით, რომელიც თავად ,,მშვიდდება" გარკვეული დროის შემდეგ:
,,à la guerre comme à la guerre
------------------------------
ამერიკის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურმა, ვეტერანების ჯანდაცვის სისტემამ დღეიდან სავალდებულო გახადა კოვიდ-აცრა სისტემის ყველა რანგის სამედიცინო მოსამსახურისათვის. დღეიდან 8 კვირა ეძლევა ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, სამედიცინო ტექნიკოსს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს; ამ ვადის გასვლის შემდეგ აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან.
ორი დღის წინ AHA-მ, ამერიკის ჰოსპიტალთა ასოციაციამ, რომელიც დაახლოებით 5 ათას კლინიკას აერთიანებს, მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მუშაკების საყოველთაო და სავალდებულო ვაქცინაციას. ასე რომ, მხოლოდ დროის ამბავია, სანამ აცრა სავალდებულო გახდება ყველასათვის, ვისაც სოციუმის ინტელექტუალური მონაპოვარით სარგებლობა სურს.
ველოდი ამ გადაწყვეტილებებს და არ გამკვირვებია. კოვიდი არ ჩერდება. ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსს დიდი ალბათობით განსხვავებული ქცევის ლოგიკა აქვს ბუნებრივთან შედარებით, რომელიც თავად ,,მშვიდდება" გარკვეული დროის შემდეგ. მიკროსამყაროსა და მაკროსამყაროს ჩვეული ომის ბალანსი დაირღვა, რადგან მიკროსამყაროს მხარეს მაკროსამყაროს წარმომადგენლები დადგნენ და ერთად შეუტიეს კაცობრიობას.
ეს ომია; დაუნდობელი ჰიბრიდული ომი. ომში კი სამხედრო კანონები მოქმედებენ.
ირღვევა ადამიანთა პირადი თავისუფლება? ეს ძალდატანებაა? იძულებაა?...
არგუმენტები უთვალავია. კამათი დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ ... თუ ომია, შესაბამისი მსხვერპლი ყველამ უნდა გაიღოს, რათა გამარჯვების შედეგით ერთნაირად ისარგებლოს. ასეთია ომის კანონი. ამიტომ à la guerre comme à la guerre...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
,,ეს იმდენად სპეციფიკური სიმპტომია კორონასი, რომ ხშირად ტესტს აღარ იტარებენ''
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავურისის დროს გემოსა და ყნოსვის დაკარგვაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს იმდენად სპეციფიური სიმპტომია კორონასი, რომ ხშირად აღარ იტარებენ ტესტს.
,,ყნოსვა და გემო იკარგება დაახლოებით 30-40%-ში. ხშირად ამბობენ, ყნოსვის და გემოს დაკარგვას, სინამდვილეში შეიძლება, შეიცვალოს, გაუკუღმართდეს შეგრძნება. ეს უფრო ხშირად გემოს ეხება, მაგალითად, ხშირია პირში მეტალის გამო ან შეიძლება, მწარე ტკბილად მოეჩვენოთ და ა.შ. აუცილებელი არ არის მაინცდამაინც დაიკარგოს გემოს შეგრძნება, შეიძლება, უბრალოდ შეიცვალოს. როცა ამ შეგრძნებებს კარგავენ ადამიანები, ხშირად ტესტს აღარ იტარებენ და არის ამაში ლოგიკა. გრიპის სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, ცხვირის გაჭედვისას ხდება ყნოსვის დაქვეითება, მაგრამ კორონას დროს ეს სხვანაირია. კოვიდის დროს საერთოდ შეიძლება, ცხვირიდან არ იყოს გამონადენი და რინიტის სიმპტომები და უცებ ადამიანი ვეღარ გრძნობდეს სუნს, '' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.