„ჯგუფური იმუნიტეტის მიღწევა კორონავირუსის შემთხვევაში აცრით აბსოლუტურად შეუძლებელია“, - ამის შესახებ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:
,,2000-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანულენოვან ქვეყნებში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი „ტკიპათი“ გამოწვეული ენცეფალიტის, ე.წ. „ადრეზაფხულის ენცეფალიტის“ ელიმინაციაზე, აღმოფხვრაზე.
ისევე როგორც ჩუტყვავილა, წითელა, აი, ასე უნდოდათ ამ ენცეფალიტის ამოძირკვა, რომელიც განსაკუთრებით 40 წლის გარშემო ასაკის და ბუნების მოყვარულ, ბუნებაში მოსეირნე ადამიანებს უჩნდებათ ამ „ტკიპას“ კბენის შემდეგ.
2015 წელს გამოქვეყნდა ავსტრიის დიდი კვლევა ამ გამომწვევზე.
მანამ კი, ავსტრიამ სამაგალითოდ აცრა თითქმის ყველა ასაცრელი და აცრის მაჩვენებელი იყო 85%.
ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა თითქმის 30-ჯერ შემცირდა, თუმცა, ვერც წითელასა და ჩუტყვავილას ქვოტებს ვერ მიაღწია.
ეს კვლევა მაშინ ამ სახელით გამოქვეყნდა - „Frühsommer-Meningo-Enzephalitis (FSME) und FSME-Schutzimpfung in Österreich: Update 2014“.
აი ესაა სუმარული, დასკვნითი აზრი და მესიჯი ამ კვლევისა:
ციტატა:
„ავსტრიის წარმატებული ვაქცინაციის კამპანიის შედეგად შესაძლებელი გახდა ენცეფალიტის გაკონტროლება. უკვე რამდენიმე წელია ყოველწლიური ავადმყოფობის რაოდენობა 50-დან 100-მდეა.
ვაქცინაციის პროცენტი მოსახლეობაში 85-ია.
ენცეფალიტისათვის, ისევე როგორც ტეტანუსისათვის, მოქმედებს დაავადების კონტროლის, დაავადების ელიმინირების პრინციპი. გამომწვევის ელიმინირება, მისი მოსპობა შეუძლებელია. აცრას გააჩნია მხოლოდ ინდივიდუალური დაცვა, მაგრამ არა ჯოგური, კოლექტიური იმუნიტეტი.
„Durch die erfolgreiche österreichische Impfstrategie konnte die FSME weitgehend unter Kontrolle gebracht werden. Seit vielen Jahren gibt es 50 bis 100 Erkrankungsfälle pro Jahr.
Die Durchimpfungsrate der Bevölkerung liegt derzeit bei 85%.
Für die FSME gilt, wie bei Tetanus, das Prinzip der Krankheitskontrolle bzw. Krankheitseliminierung: Der Erreger kann nicht ausgerottet werden und die Impfung bewirkt einen Individualschutz, aber keine Herdenimmunität.
„TBE is a public health problem well under control in Austria because of a mass vaccination programme. There have been 50–100 registered cases per year for many years, the vaccination rate of the population is currently 85%.
For TBE applies the same as for Tetanus, namely the principle of disease control or disease elimination: The virus cannot be eliminated and vaccination provides individual protection.“
არის დაავადებები და გამომწვევები, როცა აცრას საკმაოდ კარგი ჯგუფური, კოლექტიური იმუნიტეტი აქვს. ამგვარი აცრებია ე.წ. დასუსტებული ვირუსით ან მკვდარი ვირუსით აცრები.ამგვარი აცრების დროს ორგანიზმი ინფიცირდება ძალიან სუსტად და ხდება ამ გზით, ანუ ინფექციის მსუბუქი ფორმით გადატანის გზით, იმუნიზირება. ეს კი ადამიანს ახალი ინფექციისაგან იცავს და ამით პროფიტაბელური, მომგებიანია მისი თანამოქალაქისათვისაც, რამეთუ ინფექციის გადაცემისა და გავრცელების ჯაჭვი წყდება.
ეს პროცესი ხდება კორონას თუ ადრეზაფხულის ენცეფალიტის დროს მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებში, რომლებმაც ეს დაავადება გადაიტანეს.
ეს ენცეფალიტის ვაქცინაც ითვლება „მკვდარ ვაქცინად“ ოღონდაც, არ მოქმედებს ისე, როგორც სხვა მკვდარი ვაქცინები. ეს რეალობაა და სანამ რაიმე უფრო ეფექტური არ იქნება, გვიწევს თანაცხოვრება.
ჯგუფური იმუნიტეტის მიღწევა კორონავირუსის შემთხვევაში აცრით აბსოლუტურად შეუძლებელია.
ჯერ ერთი და კი ითვლება ბაიონტექ ფაიზერის აცრა და მოდერნა „მკვდარ აცრად“, მაგრამ, ყველამ იცის, რომ ეს არაა მკვდარი ვირუსიდან დამზადებული აცრა, არამედ მოდელირებულია და დიზაინირებულია, რნმ ვაქცინაა.
ვექტორული ვაქცინებიც არ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმს.
ამიტომაც, კორონას შემთხვევაში აცრა რჩება ინდივიდუალურ დაცვად, მძიმე ავადმყოფობისაგან დაცვად და არა ინფექციის გამომწვევის მიღებისაგან დაცვად.
ერთადერთი ჯგუფი, ვინც ამ ინფექციის მიღებისაგან დაცულია და ჯერჯერობით, ამ განვლილი 18 თვის მანძილზე დაცულად რჩება 99,84%-ის ალბათობით, ესაა ვირუსგადატანილი და არამძიმედ სხვა დაავადებებით დაავადებული ადამიანი.
აი, ესაა ჯგუფური იმუნიტეტისათვის მნიშვნელოვანი რგოლი და ასეთი ყველა ქვეყანაში თითქმის, სადღაც 5%-დან 8%-მდეა.
ამიტომაც, როცა ვამბობთ, რომ „კორონას დროს კოლექტიური იმუნიტეტი არ მოქმედებსო“ უნდა დავამატოთ, არ მოქმედებს იმიტომ, რომ აცრა არ გიცავს ინფექციის მიღებისაგან და ამიტომაც არ გააჩნია რაიმე ეფექტი კოლექტიურ იმუნიტეტზე. აცრა გიცავს ინდივიდუალურად და პიროვნულად.
აცრილი არის დაახლოებით 80%-დან 90%-მდე უფრო დაცული მძიმე დაავადებისაგან, ვიდრე აუცრელი. აცრილი აუცრელს ბევრად ვერაფრით არგებს და აუცრელი აცრილს ვერაფერს ვერ ავნებს.
აუცრელი ვნებს ჯანდაცვის სისტემას, ასუსტებს მის ინტაქტურობას და ბოჭავს სამედიცინო პერსონალს, თუკი მძიმე ფორმით დაავადდა.
ამიტომაა აუცილებელი მსუბუქი ფორმით ინფიცირებულთა სწორი მართვა და არა აქციონიზმი, არა იზოლატორებში ჯგუფად შერეკვა სადღაც სასტუმროებში, არამედ მოძრაობა, სუფთა ჰაერი, სუფთა გარემო.
აცრილი ნაკლებადაა ავად, ხანმოკლედაა ავად და ამით რგებს საკუთარ თავსაც და ჯანდაცვის სისტემასაც. აი, ესაა ფქტები.
მე მესმის, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა:
ისრაელი
ავსტრალია
ტაივანი
ახალი ზელანდია
და ალბათ ჩინეთიც, თუმცა ჯერ არ გაუმხელია ასე აშკარად, გადაწყვიტეს ვირუსის მოსპობა, ელიმინირება, გაქრობა. ახლო მომავალში ეს შეუძლებლად მიმაჩნია, ამაზე მზერის გაყინვა და ამ თემის გაფეტიშება, ამ თემის ყველაფრის საზომად აღზევება მიმაჩნია ადამიანის წინაშე დანაშაულად.
ისრაელს რომ ქვეყანა იმუნიზირებული ეგონა და ახალი ინფექციები როცა დადგინდა, იქ 40%-ზე მეტი უკვე ორჯერ აცრილი ადამიანი იყო ავადმყოფთა შორის. მათ მოახერხეს ასე დაბალი სიკვდილიანობის მიღწევა ოპტიმალურად ავადმყოფის მოვლით.
ამ 18 თვის პანდემიის მერე, როგორმე ხომ უნდა შეიგნონ განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა, რომელთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის 50%-დან 60%-ს კორონათი გარდაცვლილი შეადგენს, რომ უმთავრესია დაავადებისა და მძიმე შემთხვევების მართვა.
არაა გამოსავალი, რომ „ავიყვანე მართვით სუნთქვაზე და მეტი რა ვქნაო“. არასწორია ასე საქმის გამარტივება. ამ პრობლემას არა გამარტივება, არამედ მარტივ მამრავლებად დაშლა და თითოეულ კომპონენტზე რეაგირება უნდა. არ არსებობს ერთი იდეალური და უნივერსალური მიდგომა თუ გამოსავალი, აი, ეს უნდა შევიგნოთ ყველამ ერთად. ექიმმაც და უბრალო მოქალაქემაც და ხელისუფალმაც.
უნდა დადგინდეს კლინიკებში ჰიგიენის და პაციენტის მართვის სტანდარტები და ეს სტანდარტები უნდა შემოწმდეს.
უნდა დადგინდეს დიაგნოსტიკის სტანდარტები და არა ისე, გააკეთე ტესტი, დადებითია, კორონაა, მიუწერე ფილტვს რაღაცა ქულები და მერე მიაწვები სტეროიდებს და ჟანგბადის მიცემას ისე, რომ სხვა კვლევას არ ატარებ, არ ფიქრობ სხვაზე.
არ შეიძლება ადამიანი აიყვანო ინტუბაციაზე და არ იფიქრო მისი იმ სიტუაციიდან გამოყვანის გზაზე. ინტუბაცია მარტივი გზაა, დააძინე, ჩართე აპარატი, ასუნთქე და მიეცი რემდესევირი და კორტიზონი. არაა ასე მარტივი და კლავს ასეთი გამარტივება,“ - წერს იაგო ფრანგიშვილი.
განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება ვიტამინებს: D, C და მინერალ თუთიას - ექიმის რჩევები, როგორ ვიკვებოთ პანდემიის პირობებში
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას, როგორ ვიკვებოთ პანდემიის პირობებში.
ჩვენი მკითხველის მხრიდან არ წყდება ინტერესი, თუ როგორი უნდა იყოს კვების რაციონი არსებული კოვიდ პანდემიის პირობებში. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სწორ, დაბალანსებულ კვებას, ვერც აქ ავუვლით მხარს. პანდემიისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემის გამართული მუშაობა. სასურველია, რაციონი გაჯერებული იყოს ვიტამინებით და მინერალებით. განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება ვიტამინებს: D, C და მინერალ თუთიას. განვიხილოთ, რომელი პროდუქტებია მდიდარი აღნიშნული ვიტამინებით და მინერალით.
D ვიტამინი (დეტალებზე არ შევჩერდები, ვრცლად იხ. ჩვენი სტატია D ვიტამინთან დაკავშირებით). ყველასთვის ცნობილია, რომ D ვიტამინს ადამიანი ასინთეზირებს მზის სხივებისგან, რომელიც არის მისი ძირითადი წყარო. თუმცა არსებულ პირობებში ადამიანი უმეტეს დროს ატარებს დახურულ სივრცეში და სასურველია, მივიღოთ საკვები, რომელიც გაჯერებული იქნება D ვიტამინით.
C ვიტამინი (იგივე ასკორბინის მჟავა) - არის მძლავრი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას, უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სწორ, გამართულ ფუნქციონირებას, მოქმედებს ანთების და ალერგიის წინააღმდეგ, აჩქარებს რეპარაციულ (აღმდგენით) პროცესებს ორგანიზმში.
თუთია - ეს არის მინერალი, რომელსაც ორგანიზმი მხოლოს საკვები პროდუქტიდან იღებს. დიდია მისი როლი იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში. მას მიაწერენ, რომ იგი აფერხებს ვირუსების გამრავლების პროცესს ორგანიზმში. მისი ნორმალური დონე ორგანიზმში ამცირებს ავადობის ხანას.
სწორი, დაბალანსებული კვება ადამიანს დაეხმარება პრევენციული თვალსაზრისით, ხოლო თუ არის ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებული ვიტამინების თუ მინერალების დეფიციტი, აქ უკვე საჭიროა კონკრეტული მკურნალობა, რომელიც უნდა დაინიშნოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.