აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,საინტერესო ნიშნულს მიაღწია ქვეყანამ. მთელი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს ოფიციალურად აქტიური, მიმდინარე კოვიდ ინფექცია აქვს (39,000 ადამიანი). ეს ტესტით დადასტურებული და დამტკიცებული. დაუდასტურებელი და დაუტესტავი - რა თქმა უნდა უფრო გაზრდის მაგ ციფრს.
ეს ნიშნავს რომ 100-ში ერთი ქართველი საავადმყოფოში ან სახლშია (ბევრი მათგანი ოჯახის წევრებთან ერთად) და კოვიდს ებრძვის - ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. მინიმუმ ნახევარს შედარებით მსუბუქი ფორმა აქვს, თუმცა ფსიქოლოგიურად მძიმეა თითქმის ყველა მათგანისთვის.
რომ გავიაზროთ ეს რამდენია - ეს 39,000 ინფიცირებული რომ თანაბრად გადავანაწილოთ ქვეყანაში (ვიდრე სიმპტომები გამოუვლინდება და გაიგებდეს დიაგნოზს), ნიშნავს რომ
- ყოველ მეტროს ვაგონში (პიკის საათებში) - თითო კოვიდ-ინფიცირებულია მიჭყუნული და ცხვირში ასუნთქებს გარშემო მინიმუმ რამდენიმე ადამიანს.
- ყოველ მე-3, მე-4 ავტობუსში სადაც ახვალთ - თითო კოვიდ-ინფიცირებულია ნიკაპზე ჩამოწეული ნიღაბით, დასიცხული.
- ყოველ კონცერტზე, მიტინგზე, ქორწილში, ქელეხში - მინიმუმ რამდენიმე ინფიცირებულია მოძრაობს - გეცეკვებათ, გეხუტებათ, გისამძიმრებთ.
შარშან ნოემბრის შუაში რომ დავპოსტე ცუდადაა საქმე - მსიფლიოში პირველი ადგილისკენ მივდივართ თქო მრავალი პარამეტრით - და ახდა. ახლაც იგივეს მოგახსენებთ.
დღეს, ბოლო კვირის ინფიცირებითაც და სიკვდილიანობის (ორივე!) მაჩვენებლით მთელს მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ფიჯის კუნძულების და აფრიკის ერთი სახელმწიფოს მერე.
რაც ყველაზე საგანგაშოა - შემთხვევების მატების სისწრაფით (ე.წ. "რაზგონით") გაცილებით ვუსწრებთ ორივეს, ასე რომ დიდი ალბათობით სულ მალე პირველ ადგილზე გავალთ.
არ ვიცი სხვა ქვეყანა თუ არის რომელმაც ერთი პანდემიის განმავლობაში ორი ყველაზე დიდი ტალღის დროს მოახერხა პირველობა - ორჯერ. შეიძლება არის, მარა ალბათ ბევრი არა. სხვათა შორის ეს კონკრეტული ფაქტი უფრო მოსახლეობის ეთნო-გენეტიკურ-კულტურული თავისებურებით მგონია იყოს გამოწვეული, იმასთან ერთად რომ საქართველო ნაკლებ-რესურსიანი ქვეყანაა (ეკონომიურ-პოლიტიკურად).
ეხლა ნამდვილად ვამტკიცებთ რომ ქართველები ვართ "უშიშარი ვითარცა უხორცო" რადგან ყველაზე ნაკლებად გვეშინია სიკვდილის, თუმცა განსხვავებით ომებისაგან, კორონათი სიკვდილით ვერც აფხაზეთს დავიბრუნებთ, ვერც სამხრეთ ოსეთს. პირიქით - ქვეყანას უფრო ვაუძლურებთ (მინიმუმ ეკონომიურად და სოციალურად) და ადვილად დაპყრობადს ვხდით.
დეკემბრის პიკთან განსხვავებით უფრო შეშფოთებული ვარ რამდენიმე მიზეზის გამო:
1) ლოქდაუნს არ ვაპირებთ - არ ვაპირებ იმაზე კამათს გამართლებულია თუ არა, უბრალოდ ფაქტია რომ მკაცრი შეზღუდვების (და მათი აღსრულების) გარეშე შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
2) აგვისტოს მერე ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს (სიცივეში ვირუსი როგორც წესი მინიმუმ უფრო მეტად ვრცელდება).
3) დელტა შტამია - უფრო ჩქარა და ბევრ ადამიანზე ვრცელდება, ეს უკანასკნელი მცირე ნაწილით "მუხრუჭდება" პოპულაციაში ნაწილობრივი იმუნიტეტის არსებობის გამო (ნოემბრისგან გასხვავებით თითქმის 30%-ს აღენიშნება სეროპოზიტიურობა), თუმცა ეს უკანასკნელი საკმარისი არ არის.
4) საწოლ-ფონდი კრიტიკულ ზღვარზეა, თუმცა დეკემბერთან განსხვავებით ჰოსპიტალიზაცია რადგან დაახლოებით 15%-ია (25-30%-ის ნაცვლად), ეგ ნიშნავს რომ სახლში ორჯერ მეტი უფრო მძიმე პაციენტებს უწევთ მკურნალობა ვიდრე მათთვის ადგილი გამოჩნდებოდეს.
ჭიქა სანამ წყლით გაივსება - წყალი არ გადმოდის. რომ გაივსება - მერე თვითოეული დამატებითი წვეთი იღვრება. ასე ხდება გადასვსებული საავადმყოფოების შემთხვევაშიც. წყლის წვეთები - ადამიანებია.
დღესვე რომ ყველამ პიბადე გაიკეთოს - თვის ბოლომდე მზარდ სიკვდილიანობას თითქმის ვერანაირად შევცვლით რადგან სიკვდილიანობა 2-3 კვირის მერე აღწევს პიკს.
სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ ამერიკელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა ასეთ სიტუაციებში და ეს ყველაზე მეტად ჩემ კოლეგებს და ჯანდაცვის მუშაკებს ეხებათ:
Brace for impact!
პ.ს. აცრა ალბათ ცალკე პოსტს იმსახურებს, მაგრამ ვისაც ჩემი აზრი გაინტერესებთ (და მნიშვნელობა აქვს) - ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა აიცრას საქართველოში დღეს-დღეისობით არსებული ნებისმიერი ვაქცინით. გარდა იმისა ვისაც ***კონკრეტულად*** ამ ვაქცინის კომპონენტებზე გქონდათ ალერგია. სხვა რამეებზე ალერგია (ჭინჭრის ციება, ურტიკარია, და ასე შემდეგ) - არაა უკუჩვენება, ისევე როგორც არანაირი ქრონიკული დაავადება (გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, სიმსივნური, ავტოიმუნური და ასე შემდეგ).
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ რომ აცრა თქვენთვის არ შეიძლება ან საშიშია, ის 99.9% ალბათობით არასწორია (ძირითადად არასაკმარისი ცოდნის გამო) - მინიმუმ ერთ სხვა (უფრო გამოცდილ) ექიმთან გადაამოწმეთ).
თუ მაინც და მაინც ახალი ტექნოლოგია (ფაიზერი) გაშინებთ - მაშინ ტრადიციული (ჩინური) ვაქცინით მაინც აიცერით, რომელიც იგივე პრინციპითაა დამზადებული როგორც ბევრი სხვა თქვენთვის ცნობილი - მაგალითად პოლიომიელიტის, ყივანახველას, და ცოფის ვაქცინები - რომლითაც (ერთ-ერთი მათგანით მაინც) დიდი ალბათობით თითქმის ყველა ხართ აცრილი ბავშობაში,'' - აღნიშნავს დავით მრელაშვილი.
ფილტვების მარტივი სავარჯიშო თაბახის ფურცლის გამოყენებით - რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას რჩევები
რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ფილტვის დაზიანების შემთხვევაში სუნთქვითი ვარჯიშების მნიშვნელობაზე საუბრობს:
„სუნთქვითი ვარჯიშისთვის შეიძლება უბრალოდ თაბახის ფურცელი ავიღოთ, მაღლა ავწიოთ და როგორც სანთელს ვუბერავთ, შევუბეროთ სული. ვეცადოთ, რომ ფურცელი რაც შეიძლება დიდხანს ავწიოთ მაღლა. შემდეგ ვარჯიშს უფრო ვართულებთ. ფურცელი უნდა გავწიოთ ცოტა უფრო წინ. თუ ვარჯიშის შესრულება გვიჭირს, ფურცელი ახლოს უნდა მოვიტანოთ. თუ რესპირატორული სიმპტომები უფრო გამოხატულია, ხველაა, ტემპერატურაა და ფიქრობთ, რომ ფილტვი დაზიანებულია, ამ ვარჯიშს ვაკეთებთ საათში ერთხელ, თუ არა - დღეში რამდენჯერმე.“
არჩილ მარშანია კოვიდ-19-ით თავადაც იყო ინფიცირებული. მისი თქმით, მას ყნოსვა და გემო 100 %-ით ჰქონდა დაკარგული:
„მე ყნოსვის და გემოს დაკარგვა გამომივლინდა სიმპტომების დაწყებიდან მეოთხე-მეხუთე დღეს. მქონდა ყნოსვის და გემოს 100 %-იანი დაკარგვა. ორივე სამ-ოთხ დღეში აღდგა თავისით. სხვადასხვა არომატებს ვცდიდი, აჯიკაც ვცადე. ამ დროს არ უნდა გამოვიყენოთ მძაფრი სუნის მქონე ქიმიური საშუალებები. მსუბუქ და ასიმპტომურ კოვიდს არ სჭირდება არც გამოკვლევები და არც მკურნალობა. ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც მივიღე, იყო იბუპროფენი. მქონდა ცხელება და კუნთების ტკივილი. მაქვს ქრონიკული სინუსიტი და ვიყენებდი ცხვირის სპრეის. სხვა არანაირი მედიკამენტი არ მიმიღია. მე არც ანალიზები ჩამიტარებია. თუ რამის გადამოწმება გსურთ, ანალიზით არაფერი შავდება. ხშირად საუბრობენ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. კომპიუტერული ტომოგრაფია არაფრის მომცემია მსუბუქ პაციენტებში. ის საჭიროა ჰოსპიტალში გადაყვანილი მძიმე პაციენტებისთვის, როდესაც ეჭვი გვაქვს თრომბოემბოლიაზე ან მძიმე ბაქტერიულ გართულებებზე.“
„რამდენიმედღიანი მაღალი ცხელება არ არის იმის ნიშანი, რომ გამოკვლევები გჭირდებათ. თუ არის ცხელება და რაიმე თანდართული დაავადება, ამის მიხედვით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რა ანალიზები გჭირდებათ. მხოლოდ ცხელება რაიმეს ნიშანი არ არის. ვირუსულ ინფექციებს ზოგადად ახასიათებს ცხელება. 38,5 ცხელებაზე მაღლა თუ არ არის ტემპერატურა, მედიკამენტიც არ გვჭირდება. ესეც ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. თუ სერიოზული დისკომფორტი გაქვთ, თავი არ უნდა დაიტანჯოთ და მიიღოთ მედიკამენტი,“ - აცხადებს არჩილ მარშანია.