ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
ფილტვების მარტივი სავარჯიშო თაბახის ფურცლის გამოყენებით - რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას რჩევები
რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ფილტვის დაზიანების შემთხვევაში სუნთქვითი ვარჯიშების მნიშვნელობაზე საუბრობს:
„სუნთქვითი ვარჯიშისთვის შეიძლება უბრალოდ თაბახის ფურცელი ავიღოთ, მაღლა ავწიოთ და როგორც სანთელს ვუბერავთ, შევუბეროთ სული. ვეცადოთ, რომ ფურცელი რაც შეიძლება დიდხანს ავწიოთ მაღლა. შემდეგ ვარჯიშს უფრო ვართულებთ. ფურცელი უნდა გავწიოთ ცოტა უფრო წინ. თუ ვარჯიშის შესრულება გვიჭირს, ფურცელი ახლოს უნდა მოვიტანოთ. თუ რესპირატორული სიმპტომები უფრო გამოხატულია, ხველაა, ტემპერატურაა და ფიქრობთ, რომ ფილტვი დაზიანებულია, ამ ვარჯიშს ვაკეთებთ საათში ერთხელ, თუ არა - დღეში რამდენჯერმე.“
არჩილ მარშანია კოვიდ-19-ით თავადაც იყო ინფიცირებული. მისი თქმით, მას ყნოსვა და გემო 100 %-ით ჰქონდა დაკარგული:
„მე ყნოსვის და გემოს დაკარგვა გამომივლინდა სიმპტომების დაწყებიდან მეოთხე-მეხუთე დღეს. მქონდა ყნოსვის და გემოს 100 %-იანი დაკარგვა. ორივე სამ-ოთხ დღეში აღდგა თავისით. სხვადასხვა არომატებს ვცდიდი, აჯიკაც ვცადე. ამ დროს არ უნდა გამოვიყენოთ მძაფრი სუნის მქონე ქიმიური საშუალებები. მსუბუქ და ასიმპტომურ კოვიდს არ სჭირდება არც გამოკვლევები და არც მკურნალობა. ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც მივიღე, იყო იბუპროფენი. მქონდა ცხელება და კუნთების ტკივილი. მაქვს ქრონიკული სინუსიტი და ვიყენებდი ცხვირის სპრეის. სხვა არანაირი მედიკამენტი არ მიმიღია. მე არც ანალიზები ჩამიტარებია. თუ რამის გადამოწმება გსურთ, ანალიზით არაფერი შავდება. ხშირად საუბრობენ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. კომპიუტერული ტომოგრაფია არაფრის მომცემია მსუბუქ პაციენტებში. ის საჭიროა ჰოსპიტალში გადაყვანილი მძიმე პაციენტებისთვის, როდესაც ეჭვი გვაქვს თრომბოემბოლიაზე ან მძიმე ბაქტერიულ გართულებებზე.“
„რამდენიმედღიანი მაღალი ცხელება არ არის იმის ნიშანი, რომ გამოკვლევები გჭირდებათ. თუ არის ცხელება და რაიმე თანდართული დაავადება, ამის მიხედვით ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რა ანალიზები გჭირდებათ. მხოლოდ ცხელება რაიმეს ნიშანი არ არის. ვირუსულ ინფექციებს ზოგადად ახასიათებს ცხელება. 38,5 ცხელებაზე მაღლა თუ არ არის ტემპერატურა, მედიკამენტიც არ გვჭირდება. ესეც ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა. თუ სერიოზული დისკომფორტი გაქვთ, თავი არ უნდა დაიტანჯოთ და მიიღოთ მედიკამენტი,“ - აცხადებს არჩილ მარშანია.