ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიკლო
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ-19 3 965 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 627 ადამიანი, 43 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 48 513 ტესტი გაკეთდა.
საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,17 %-ს შეადგენს.
29 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლემა მცირედ მოიკლო. შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 009 შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge -ზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 4023 აცრა გაკეთდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 711 255 ადამიანს დაუდასტურდა.