ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, ოჯახში ერთერთი მის ქალიშვილს არ ჰქონდა ვაქცინა გაკეთებილი, რადგან ამ ეტაპზე ორსულებში მხოლოდ ფაიზერით ვაქცინაციაა დაშვებული:
„ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რომელიც არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელზეც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული. ვიცი, რომ ორსულებში საკმაოდ აქტიურად დაიწყო აცრა. აცრამდე მომზადება და გამოკვლევა საჭირო არაა, მთავარია, აცრის შემდეგ მოქალაქე დარჩეს ასაცრელ სივრცეში, თუ განვითარდება რამე გართულება, უახლოეს წუთებში დროულად მოხდეს ჩართვა. ყველას გვეშინია ანაფილაქსიური შოკის, მაგრამ ნახევარ მილიონ აცრილებში გვაქვს ოთხი ანაფილაქსიური შემთხვევა“, - დასძინა პაატა იმნაძემ.