ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდა - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევებში ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა:
„არასდროს უარვყოფთ, რომ არცერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ აქვს, მათ შორის „სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79%-იანი დაცვა, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ აცრილზე ინფექცია წავა ძალიან, ძალიან მსუბუქად. რაც დღეს გამოიყენება, იმ ვაქცინების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სერიოზულად ამცირებენ ორი აცრის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად, სიკვდილიანობას.
ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდნენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თითქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.