აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
„როდესაც ვაქცინა გავიკეთე, ახალი ნამშობიარები ვიყავი. ისეთი ამბავი ატყდა...“ - რუსკა მაყაშვილი
ცნობილმა ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ საზოგადოების მხრიდან მიღებული ნეგატიური რეაქციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვაქცინა გაიკეთა:
„როდესაც მე გავიკეთე ვაქცინა, ახალი ნამშობიარები ვიყავი. დავდე ფოტო, მოვუწოდე ყველა დედას, რომ აი, ნახეთ, ქალბატონებო და გოგოებო, ავიცერი, ვარ ძალიან კარგად. ისეთი ამბავი ატყდა... ვიჯექი, ვკითხულობდი. რა თქმა უნდა, არ გავბრაზებულვარ, იმიტომ, რომ ამაზე არ უნდა გაბრაზდე.“
„ერთმა დამიწერა ღმერთის სახელით, რომ ღმერთის მაინც არ გეშინიაო?! შენი შვილები არ გეცოდებაო?! მე დავუწერე, რომ ჩემი შვილები შემეცოდებოდა, როდესაც მე არ ვიქნებოდი აცრილი-მეთქი. ისევ იმ ქალბატონმა დამიწერა: „იცინე, იცინე, რომ მოკვდები, მერე მე გავიცინებ...“ ის, რომ ჩიპი შევიყვანე თხევადი, ის, რომ ორ წელიწადში მე მოვკვდები, - ძალიან სერიოზული აგრესია წამოვიდა. მეუბნებოდნენ: რამდენი გადაგიხადეს? როგორ შეიძლება გაიყიდო ყველაფერზე?“ - აღნიშნულ საკითხზე რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „The Talk შოუ“ ისაუბრა.