აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
„უკვე არის ლაპარაკი, რომ უსიმპტომო პაციენტებში შვიდ დღემდე შემცირდება იზოლაციის ვადა,“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა იმ გართულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც კოვიდ-19-ს ახლავს თან. მისი თქმით, მსგავსი გართულებები უმეტესად ინფიცირებიდან ხუთი-ექვსი დღის შემდეგ იწყება:
„დაავადების დაწყებიდან ხუთი-ექვსი დღის შემდეგ, როდესაც უკვე ვირუსი მიილევა, სხვა მექანიზმი ირთვება, რის გამოც ამ ვადაზე საკმაოდ ხშირია გართულებები. დამძიმება და გართულება ვირუსის აქტივობის გამო კი არ არის, იმუნიტეტი ცდილობს ვირუსს შეებრძოლოს. ის გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლითაც იწყება საკუთარი ორგანოების დაზიანება. ეს მექანიზმი ირთვება და სწორედ ამ ვადაზე არის გართულებები, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. გამოსავალია მჭიდრო მონიტორინგი. არ უნდა დავიმშვიდოთ გული, რომ გავიდა ერთი კვირა და კარგად ვართ.“
მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ დაავადება ახალ თვისებებს ავლენს, რაც საყურადღებოა:
„ამ ვირუსს მუტაციები ნაკლებად ახასიათებს. ახალი თემები მაინც იკვეთება. ბავშვებში გამოიკვეთა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, არის ცალკეული შემთხვევები. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან საყურადღებოა. ექიმები მეტს სწავლობენ და მედიცინამ მეტი ამოიცნო დაავადების შესახებ. პრევენციის მიზნით რეკომენდაციები არ იცვლება. ჯადოსნური ტრიადა ისევ უცვლელია, ხელების დაბანა, პირბადე და დისტანცია.“
მაია ბუწაშვილის თქმით, მოსალოდნელია, რომ იზოლაციის ვადებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს:
„დღეის მდგომარეობით უსიმპტომო პაციენტებში დიაგნოზის დასმიდან 10 დღეში თავისუფლდება ადამიანი იზოლაციიდან. უკვე არის ლაპარაკი, რომ შვიდ დღემდე შემცირდება ეს ვადა. სიმპტომურ პაციენტებში, მსუბუქ და საშუალო შემთხვევებში 10 დღე უნდა იყოს გასული დიაგნოსტირებიდან, მაგრამ სიმტპომების დასრულებიდან სამი დღე უნდა იყოს გასული. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს სამი დღე უკვე ერთ დღემდე შეამცირა. ალბათ, ჩვენთანაც შეიცვლება. მძიმე პაციენტებში ოც დღემდეა ეს ვადა გახანგრძლივებული.“
„ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ თუ ტემპერატურა მაღალი აქვთ, ისინი მძიმე პაციენტები არიან. შეიძლება ძალიან მაღალი ტემპერატურა იყოს და მაინც მსუბუქად კვალიფიცირდეს პაციენტი. სიმძიმის შეფასება სხვა კრიტერიუმებით ხდება. აქ საუბარია ჰოსპიტალიზებულ მძიმე პაციენტებზე. მათ 20 დღე აქვთ იზოლაცია და სამი დღე სიმპტომების გასვლის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.