აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
თბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს, დღეს დაიწყო.
რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.
პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია:
1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);
3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
4) დედმამიშვილები;
5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესს ამარტივებს. სააგენტოში მისვლის ნაცვლად, სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100, ფორმა 50) და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected].
ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.
მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.
რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს