აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
„ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება - „დედა მიყვარხარ“ - ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლის ამაღელვებელი წერილი
ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე სოციალურ ქსელში ლაბორატორიაში მუშაობის ერთ დღეს აღწერს. გთავაზობთ მის ამაღელვებელი წერილს სიტყვა-სიტყვით:
„დღეს ჩვენი ჯგუფია მორიგე, ექვსნი ვართ: მე, ჯაშო, ხმალიკა, მეკო გვანცა და ნატალია. დილის 11 საათია უკვე 92 ნიმუშია, ერთი ბოქსში ჯდება, მეორე მონაცემს კარნახობს, მესამე გარეთ ამთავრებს რეაქციას, ერთსაც მონაცემები შეყავს. მიმღებიდან ჭიჭყიმ შემოყო თავი, ნიმუშები მოგვაწოდა: -კიდევ 60 დაემატა გოგოებო, მერე 70... 80, . სადღაც 4 საათის შემდეგ ჯაშო წუწუნებს რომ ძალიან მოწყურდა და რომ ვეჩხუბებით ეხლავე ადექი და მე გავაგრძელებ შენ სამუშაოსო, ის კითხვას გიბრუნებს - შენ არ გშია ან არ გწყურიაო? თან ყველაფერი უნდა გაიხადო და შემოსვლისას ისევ მოემზადო, ჩაიცვა და შემოხვიდე პროცედურულად იმხელა ამბავია, აღარ დგება. როგორც იქნა გავუშვით პირველი რეაქცია, 94 ნიმუში, შესვენებაზე გავდივართ. კართან ჟურნალისტი გვეღობება, შეიძლება გადაგიღოთ როგორ ისვენებთო, ცოტა უხეშად იშორებ უარით, მერე ხვდები რომ ეს სიუხეშე დაღლილობის ბრალია და გაღიზიანება კი ალბათ მოკერებული გმირობის იარლიყიდან მოდის , არადა ეს უბრალოდ ჩვენივე არჩეული გზაა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობა! ღამის 10 საათია უკვე 310 ნიმუშია გაკეთებული და კიდევ 75 მოვიდა, შესვლამდე ხმალიკა დედას ურეკავს, მისმა 3 წლის მაშომ თუ დაიძინა და როგორ ჭამა აინტერესებს, ჩვენ დედები გვირეკავენ, გვეეკითხებიან როდის დავბრუნდებით და თუ ვჭამეთ (ჰო მართლა, საკვები სულ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციის, კეთილი თანამშრომლების და ხანაც უცნობი გულშემატკივრების წყალობით.) შედეგებს ვნახულობთ 17 დადებითია, ავნერვიულდით გადავამოწმეთ და ყველა განმეორებაა ანუ ჰოსპიტალიდან გასაწერად ვუმოწმებთ პაციენტს ვირუსის არსებობას, ანუ ახალი შემთხვევა ჯერჯერობით ამ პარტიაში არ არის, ამ დროს გვაქვს სიხარულის შეძახილი თუ სიმღერა, რომლითაც ერთმანეთს ვუზიარებთ ამ ძალიან მაგარ ამბავს. 11 საათია ჩვენ მეგობარ ეპიდემიოლოგებთან ვრეკავთ ჩვენზე ყოჩაღებთან - გორი მოგვაქვს, ბოლნისი გზაშია, მარნეულს ნახევარ საათში შემოიტანენ, სხვა სალაპარაკო თემაც აღარ გვაქვს. ადმინისტრაციიდან გვირეკავენ გვთხოვეს სახლში წადით, ნუღარ აგრძელებთ მუშაობას არ გადაიღალოთო, მაგრამ მეორე დღეს მეორე ჯგუფს არ გვინდა დავახვედროთ ძალიან ბევრი საქმე, თან ექიმებიც ელიან პასუხს. ახალ ნიმუშებს ვდგამთ და შემდეგ პარტიას ველოდებით, სადაც იმედი გვაქვს რომ ისევ ცოტა იქნება დადებითი. „გაგვიმართლა“ 440-დან მხოლოდ 20-ია ახალი შემთხვევა. ღამის სამი საათია, სახლში შევდივარ, მაგიდაზე ფურცელი მხვდება - „დედა მიყვარხარ“ და ბლინის გამოცხობის პირველი მცდელობა, ეს ჩემი შვილია. დაძინებამდე ფეისბუქს უაზროდ ვსქროლავ და პოსტი მხვდება, რატომ არ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ ათობით დადებითი და რატომ ვმალავთ შემთხვევებს, ვეღარც ვბრაზდები. დღეს ჩვენს ჯგუფში ყველაზე პატარა, გვანცა 25 წლის გახდა და ლუგარში 12 საათზე ერთად ჩავაქრეთ ტორტზე სანთელი.“