აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
რა გადაწყვეტილება მიიღეს მათთვის, ვინც აცრის გაკეთებაზე ყოყმანობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქციანციასთან დაკავშირებით ისაუბრა:
,,ყველაფერს თავისი ეტაპობრიობა და თანმიმდევრულობა აქვს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე რაც გაკეთდა, იყო საკმაოდ ეფექტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბევრი ამცრელი ცენტრის, ასევე მობილური ბრიგადების გაშვება დიდ ქალაქებში, სადაც იქნებოდა შესაძლებლობა ერთდროულად მოგვეცვა მოქალაქეების დიდი ჯგუფი. ერთ მილიონ ადამიანამდეა დღეს აცრილი ერთჯერადად და ისინი მეორე დოზით მალე აიცრებიან.
ახლა უკვე გადავედით იმ ეტაპზე, როცა ნაკლები ადამიანი მოდის თავად და ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ასეთი თანმიმდევრობა, როგორც წესი, ჩვეული პროცესია. თავიდან მოდიან ადამიანები, რომლებიც ადვილად იღებენ გადაწყვეტილებას, ახლა კი უკვე დადგა ეტაპი, როცა ჯანდაცვის სექტორს მეტი მუშაობა, საკომუნიკაციო კამპანია, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრა სჭრიდება იმათთვის, ვინც თავად ვერ მიიღო აცრის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილება. ისინი უნდა დავარწმჯნოთ, რომ ვაქცინაცია ნამდვილად მნიშვნელოვანია,'' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ჯგუფზე, რომელიც ანტივაქსერული განწყობიდან გამომდინარე, არასდროს არ აიცრება. ეს ჯგუფი სხვა ქვეყნებშიც რჩება:
,,15-20% სავარაუდოდ, არ აიცრება და ასეა სხვა ქვეყნებშიც. ეპიდემიოლოგიური მიზნებისთვის 80% არის ის ზღვარი, რაც ჩვენ ეპიდემიური დაცვის გარანტიას მოგვცემს,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ.