აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
„თუ ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია,“ - მარი მალაზონია
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საზოგადოებას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გააცნო. აღნიშნული რეკომენდაციების თანახმად, განსაზღვრულია სპეციალური ჯგუფები, რომელთაც კონკრეტული დროის შუალედში ვაქცინაციის ჩატარებისგან თავი უნდა შეიკავონ:
„საგანგებოდ არის გამოყოფილი შემდეგი რეკომენდაცია, თუ როდის არ უნდა აიცრან პირები. მითითებულია, რომ თუ პირველი აცრის მერე იყო ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევა, ეს ადამიანი თავისი ნებით არ მიდის მეორედ ასაცრელად. აუცილებლად მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით და ექიმის გადაწყვეტილებით, ყველა პარამეტრის შეფასების შემდეგ ხდება აცრა.“
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, კარანტინში მყოფი პირებისთვის აცრა არ შეიძლება:
„ეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე თქვენ გეტყვით, ეხება ყველას. თუ პირი იმყოფება კარანტინში, ამ პირის აცრა არ შეიძლება. კარანტინში იმყოფებით, არ დაგიდასტურდათ ვირუსი და შეიძლება თუ არა აიცრათ? ვიდრე არ დადასტურდება ნამდვილად, რომ არ გაქვთ ვირუსი, ვიდრე არ გაივლით კარანტინის ვადას, ნუ დარეგისტრირდებით. აუცილებლად დაელოდეთ ამ მომენტს. ის პირები, რომლებსაც ჰქონდათ საეჭვო კონტაქტი და ჯერ არ აქვთ დადასტურებული დაავადება, ამ პირების აცრაც არ არის მიზანშეწონილი.“
„რაც ყველაზე საინტერესო და ახალია, არის ის, რომ თუ პირი მკურნალობდა სტაციონარში კოვიდ-19-ის გამო, იტარებდა მკურნალობას და გამოყენებული იყო მკურნალობის პერიოდში ტოცილიზუმაბი, ამ პირებისთვის 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს ექიმთან ერთად განხილული. თუ თქვენ იცით, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა გადაგისხეს, თუ ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, აქაც 90 დღიანი ვადაა განსაზღვრული,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.