აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
,,დასაშვებია იყოს მე-5, მე-6 ტალღაც... - მსუბუქად გადასატანად მთავარია ორი რამ''
,,დასაშვებია იყოს მე-5, მე-6 ტალღაც'' - აღნიშნულის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ტალღების მსუბუქად გადასავლელად აუცილებელია ორი რამ:
,,დასაშვებია იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, მოგეხსენებათ ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი, კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი, სხვა კორონებიცაა, გრიპის ვირუსი და ა. შ.
მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე, ეს არის ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და მისი ტარება ავიყვანოთ 95%-ზე. ასეთ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს.
თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ მეხუთე ტალღისთვის თუ შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მექვსე ტალღას.
მთავარია ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ იყოს კუმულაციური იმუნიტეტი და ვატაროთ პირბადე“, - დასძინაამირან გამყრელიძემ.