აცრილები და აუცრელები - არის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? - ასეთი სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ გურული აქვეყნებს. მის ნათქვემს MomsEdu.ge სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.
და მაინც, რატომ უნდა გავიკეთო ღვედი? სიცოცხლე ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი, ხომ ასეა? ვინმეს ვკლავ ან ვაზიანებ ღვედის არგაკეთებით საკუთარი თავის გარდა? რატომ არის ეს უკულტურობა, კანონის დარღვევა და რატომ უნდა დავჯარიმდე?
რატომ გახადა ვაქცინაცია ამერიკამ სავალდებულო და რატომ ცდილობს სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აცრას?
პასუხი ძალიან მარტივია. აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრეს და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება.
ასე რომ, აუცრელი მარტო საკუთარ თავს არ ვნებს. აუცრელი ვნებს სოციუმს. შესაბამისად, სოციუმსაც სრული უფლება აქვს გარიყოს ისინი, ვინც შეგნებულად უარს ამბობს კოლექტიურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანაზე. ეს არის სულ.
ვაქცინა ექსპერიმენტულია და არ გავიკეთებ. შეგიძლია არ გაიკეთო, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც გარისკეს კოლექტიური უსაფრთხოებისათვის და გაიკეთეს ეს ვაქცინა, ეკუთვნით რომ პრივილეგირებულები იყვნენ სოციუმში აუცრელებთან შედარებით. მარტივი სამართლიანობაა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკა სავსე იყო ტიპებით, რომლებიც ღვედების კანონის შემოღებისათვის ამერიკას საბჭოთა კავშირს უწოდებდნენ; გუბერნატორებს რომლებმაც სავალდებულო გახადეს მანქანაში ღვედის გაკეთება, ჰიტლერს ადარებდნენ და გულამოსკვნილები ქადაგებდნენ ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევაზე.
ასე რომ, ეს ყველაფერი არახალია, ძველია. გადახედეთ ისტორიას, ცოტა იფიქრეთ, პარალელები გაატარეთ და მიხვდებით ...'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.
„იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სასწავლო დაწესებულებების დაკეტვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„ვიცი, რომ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი და ტყვიებს გამოისვრიან, მაგრამ ჩემი აზრი სკოლების/უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, რომელიც ხშირად მაქვს გაჟღერებული, არ შემიცვლია. ჩვენ მომავალში მოვიმკით ბავშვების სახლში გამოკეტვის ძალიან სერიოზულ მავნე შედეგს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ეს გარდაუვალია, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ეს იყოს უკიდურესი ზომა, რატომღაც სწორედ სასწავლო დაწესებულებების მიკეტვა ეადვილება ყველას.
გასაგებია, რომ განსაკუთრებით გართულებულ ეპიდსიტუაციაში (ისიც მხოლოდ შესაბამის ადგილებში) სწრაფად შეიძლება ხოლმე დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება - უსასრულო დროით, ყველაფერი რომ ღიაა ხოლმე და ყველა თავის ნებაზე დადის, სასწავლო დაწესებულებები მაინც დაკეტილია.
ბოლო დროს ონლაინ საახალწლო ზეიმები და კომპიუტერის ეკრანთან კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები გულსაკლავი საყურებელი იყო. მშობლებისგან ისეთი ისტორიები მესმის, ბევრ ოჯახს ტანჯვად აქვს გადაქცეული პანდემიის მთელი ეს პერიოდი. ზუსტად ვიცი, ვიღაც გამოხტება ახლა და მეტყვის, რა დროს ამაზე ლაპარაკია, ხალხი იღუპებაო. ამის შეხსენება მე ნამდვილად არ მჭირდება. კორონავირუსის შედეგებს ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ვუყურებ. უბრალოდ მაინცდამაინც სასწავლო დაწესებულებების მუდმივად მიკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ საკითხს რომ ვერ წყვეტს, ამას ხომ ვხედავთ?
წარმომიდგენია, სასწავლო დაწესებულებები რომ არ ჩაკეტილიყო, მთლიანად ამას დაბრალდებოდა შემთხვევების რაოდენობის ასეთი სწრაფი აღმავლობა.
რა შედეგი გამოიღო ბავშვების და ახალგაზრდების გამოკეტვამ? ახალი შემთხვევების რაოდენობით მაინც მსოფლიო ლიდერები გავხდით და ბავშვებს ინფექციის გავრცელების კუთხით ასეთი დრამატული დამატებით რა უნდა ჩაედინათ? აღარაფერს ვამბობ სტუდენტებზე, რომლებიც ზრდასრულები არიან და ნებისმიერი სხვა ჯგუფების მსგავსად მარტივად შეძლებდნენ შესაბამისი წესების დაცვას. განსაკუთრებით უცნაურია, რაც მესმის სალიცენზიო/რეზიდენტურის გამოცდების შეზღუდვის შესახებ.
მოკლედ, იქნებ ცოტა ოპერატიულად მოვახდინოთ ხოლმე ეპიდსიტუაციაზე რეაგირება სასწავლო დაწესებულებების გახსნის თვალსაზრისით. აშკარად უფრო სწრაფია რეაგირება ბიზნესის გაღება/დაკეტვის კუთხით და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ შეზღუდვების ცუდი შედეგი ეკონომიკაზე პირდაპირ და მკაფიოდ ჩანს. სასწავლო პროცესის შეჩერების შედეგებს ასე სწორხაზოვნად ვერ ვხედავთ, ზეწოლაც შესაბამისი სექტორის მხრიდან არ არის (საგანმანათლებლო სექტორისგან, ცხადია, ისეთი წნეხი არ არის, როგორც ბიზნესის მხრიდან) და ასე „იოლად გადის“ ეს თემა. მართალია, სასწორის ერთ მხარეს უმძიმესი დაავადებაა (ოღონდ არა ბავშვებში), მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ახალგაზრდების/ბავშვების მენტალური სტატუსი და განათლების ხარისხია,“ - წერს მაია ბუწაშვილი.