ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი თქმით, კოვიდ-19-ის საბოლოოდ დასამარცხებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენებაა საჭირო.
„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ჩვენ ყველანაირი იარაღი გვაქვს ვირუსის დასამარცხებლად: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და ეფექტიანი სამედიცინო საშუალებები. მსოფლიო ამ საშუალებებს სწორად არ იყენებს. კვირის განმავლობაში 50 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმის ნიშანია, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.