ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„ერთადერთი გზა, რომ როგორმე გამოვასწოროთ მდგომარეობა, არის ახალი მექანიზმების ჩართვა ვაქცინაციის პროცესში,“ - ივანე ჩხაიძე
პედიატრი ივანე ჩხაიძე საქართველოში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა ვაქცინაციის პროცესში ახალი მექანიზმების ამოქმედებაა:
„ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ჩაიტარა ვაქცინაცია, შეუზღუდავად მიიღოს ნებისმიერი სერვისი, რომელიც ხორციელდება დახურულ სივრცეში. ეს იქნება კინო, ეს იქნება თეატრი, კონცერტი, რესტორანი, ბარი, არ აქვს მნიშვნელობა. მათთვის ეს სივრცე უნდა იყოს თავისუფალი. თუ საკოორდინაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე ამ საკითხებს განიხილავს, ეს იქნება კარგი. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ რომელიმე გადაწყვეტილებას მიიღებს,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.