ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რამდენ ხანში უნდა გაიკეთოს კოვიდგადატანილმა ადამიანმა ვაქცინა და მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას? - კითხვებს თენგიზ ცერცვაძე პასუხობს
რამდენ ხანში უნდა გაიკეთოს კოვიდგადატანილმა ადამიანმა ვაქცინა და მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას, რომ მშვიდი ცხოვრება გაგრძელდეს? - აღნიშნულ კითხვებს ,,იმედის დღის'' ეთერში ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა.
მისი თქმით, მოსახლეობის 60-65% უნდა აიცრას, რომ პანდემია შეჩერდეს. რაც შეეხება, კოვიდგადატანილი ადამიანისთვის აცრის გაკეთებას, როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, კოვიდგადატანილებმაც უნდა გაიკეთონ ვაქცინა, თუმცა 120 დღის შემდეგ.
,,კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ვაქცინაცია 120 დღის, 4 თვის გასვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან პირველი, მათ აქვთ იმუნიტეტი და მეორე კოვიდგადატანილ ადამიანებს აქვთ ანტისხეულები, რომლებიც ვაქცინის ცილასთან შევა კონტაქტში და დაიწყებს მათ განეიტრალებას, ამით კი დაიკარგება ის ანტისხეულები, რომელიც კოვიდგადატანილ ადამიანებს აქვთ,'' - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.