ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
კორონავირუსთან დაკავშირებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე წერტილოვანი შეზღუდვები შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ასევე ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლის წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება, დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, რაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან დაიწყება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.