Baby Bag

ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ იტესტებიან, თუ არ აიცრებიან, მათთვის სავალდებულო ტესტირება ფასიანი გახდება

ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ იტესტებიან, თუ არ აიცრებიან, მათთვის სავალდებულო ტესტირება ფასიანი გახდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბრიდან განიხილება საკითხი სხვადასხვა საჯარო და დიდ დაწესებულებებში ან ვაქცინირებული, ან წინასწარ ტესტირებული ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი მოქალაქეების შეშვების.

„ექიმები ყოველთვის უფრო რადიკალურად გამოვდივართ, ეს არ არის ჩვენ მიერ გამოგონილი ველოსიპედი. ჩვენ ვეცნობით საერთაშორისო გამოცდილებას და ამის მიხედვით ვმოქმედებთ და ვიძლევით რეკომენდაციას. ეს რეკომენდაციაც მიღებული რეკომენდაციაა მთელ მსოფლიოში - სხვადასხვა საჯარო, კერძო დიდ დაწესებულებაში შედიხარ მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ აცრილის სტატუსით ან 24-საათიანი ანტიგენით ან 72-საათიანი PCR-ით ან თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი გაქვს კოვიდი (ამ ხნის განმავლობაში ხარ იმუნური). ამიტომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ წინა საბჭოზე, დღესაც გვქონდა განხილვა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტემბრისთვის, ხალხი უნდა მოემზადოს. ჩვენ რომ დავადგინოთ, რომ ხვალიდან შევიდეს ეს ძალაში, არ ვიქნებით მთლად მართლები. ამიტომ დღეს ჩვენ ისევ ვაცხადებთ - ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ იტესტებიან, არ აიცრებიან, მათთვის ტესტირება ფასიანი გახდება:

„გარდა ამისა, მეორე საკითხია ტესტირება. მოგეხსენებათ, იგი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი პანდემიის მართვის და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებაში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ ყოველდღიურად ვაკეთებთ 38 ათას ტესტს (პსრ და ანტიგენ ტესტებს). ამიტომ ვფიქრობთ, რომ 15 სექტემბრიდან ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით. მათ ვალდებულება ექნებათ, ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ 2-ჯერ ვაქცინირებულები იქნებიან, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს მათ. თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ან დამსაქმებელმა, ან თვითონ უნდა გადაიხადონ. სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასოდ მიაწოდოს მათ ვაქცინა და კეთილი ინებონ და და აიცრან, თუ არა და ვალდებულებაა, რომ გარკვეულ პერიოდში (ზოგი ორ კვირაში ერთხელ, ზოგი კვირაში ერთხელ) ტესტრებული იქნენ. დადგება საკითხი, რომ ტესტირება ჩატარდეს დამსაქმებლის ხარჯზე ან თვითონ იმ პირის ხარჯზე,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, ვინ არიან ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფო უკეთებს ტესტებს, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა:

„ესენციური ჯგუფები არიან ისინი, ძირითადად ვისაც ვტესტავთ ჩვენ, იგივე ჩემი კოლეგები, მაგრამ ჩემს კოლეგებზე გამონაკლისი იქნება, ისინი წინა ხაზია. ესენი არიან სხვადასხვა ესენციური ჯგუფები, როგორიც არიან სხვადასხვა მოლების, მაღაზიების, იგივე მასწავლებლების გარკვეული ჯგუფები, იგივე პოლიციის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით იტესტებიან. დიდია ეს ჩამონათვალი, 975 ასეთი დადგენილებაა მთავრობის, სადაც შეგიძლიათ, ნახოთ, ვინ არიან ისინი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას, თუ არ აიცრებიან, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოუწევთ, რომ ან თავად ან დამსაქმებელმა გადაიხადოს ტესტირების თანხა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კოვიდგადატანილები არ არიან გარანტირებული, რომ მუტაციის ამ ახალი ფორმით ხელმეორედ არ დაავადდებიან!'' - ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის ახალ შტამსა და ვაქცინაციაზე

,,კოვიდგადატანილები არ არიან გარანტირებული, რომ მუტაციის ამ ახალი ფორმით ხელმეორედ არ დაავადდებიან!'' - ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის ახალ შტამსა და ვაქცინაციაზე
ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე, რომელიც ავსტრიაში მოღვაწეობს სოციალურ ქსელში კორონავირუსის მუტაციასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,დროულად მოწოდებულმა ინფორმაციამ პანიკაში არ უნდა ჩაგაგდოთ, საჭიროა ასევე ამ ინფორმაციის დროულად გათავისება.

მესამე ლოკდაუნი გვაქვს და მიზეზი არის ბრიტანული მუტაცია. საშიშია! ვრცელდება სწრაფად. ერჩის ძირითადად ახალგაზრდებს, ავადობა გრძელდება 16 დან 20 დღემდე. და ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრილ პაციენტს სჭირდება უფრო დიდხანს ინტენსიური მეთვალყურეობა ვიდრე ვირუსის პირვანდელ სახით დაავადების დროს. ამიტომ ინტენსიური განყოფილებები მალე ივსება და უკვე ჩვენთან ინტენსიურ განყოფილებაში ადგილების დეფიციტიც იქმნება!

კოვიდგადატანილები არ არიან გარანტირებული რომ მუტაციის ამ ახალი ფორმით ხელმეორედ არ დაავადდებიან!

აქვე დღეს შევიტყვეთ რომ ინდოეთში გამოჩნდა კორონა ვირუსის ახალი მუტაცია რომელსაც ვირუსს ორმაგი მუტაციით უწოდებენ. თუ აქამდე ახალ მუტაციებში მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტის ცვლილება იყო, ამ მუტაციში ერთდროულად ორი კომპონენტია შეცვლილი. რაც მას გავრცელების უფრო სწრაფ შესაძლებლობას აძლევს და დაავადებაც მიმდინარეობს უფრო რთული ფორმით ვიდრე აქამდე არსებული ყველა მუტაციის ფორმა.

მაშინ როცა საქართველოში მსჯელობა მიდის რომელი ვაქცინით ავიცრებით, ფაიზერით თუ ასტრაზენიკათი, მსოფლიო მსჯელობს მეორე და მესამე თაობის ვაქცინებზე, ეს ის ვაქცინებია რომლებიც ერთდროულად მუტაციის სხვადასხვა ფორმისათვის გამოდგება. ავსტრია ზაფხულისათვის გეგმავს ასეთი ტიპის ვაქცინების 5 დან 10 მილიონამდე დოზის გამოშვებას! (ერთხელ დავწერე და კიდე გავმეორდები)!

და კიდევ ერთხელ, აქამდე არსებული კოვიდის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა გვიცავს ვირუსით მძიმედ დაავადებისაგან! ანუ თუ დაავადდებით ვირუსით, ინტენსიურ განყოფილებაში არ დაგვჭირდება მკურნალობა და არც მართვით სუთქვაზე გადაყვანა. დაავადებას გადავითანთ მარტივად.

ასევე მიუხედავად იმისა რომ ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის ისრაელმა, აცრა მისი მოსახლეობა ფაიზერის ვაქცინით, ახალი ინფექციების რიცხვი მაღალია , მიზეზი ბრიტანული მუტაციაა! ვიცით რომ მუტაციის ამფორმის შემთხვევაში,საქართველოში ,,სახელგატეხილი" ასტრაზენიკას ვაქცინა ლიდერია, ანუ მუტაციის ბრიტანული ფორმისგან გვიცავს!

საქართველოში შემოდის ფაიზერის ვაქცინა, კარგია, მაგრამ თუ უსაფრთხოების ნორმები არ იქნება სათანადოდ დაცული, მას შეიძლება მეტი გართულება მოყვეს. რატომღაც ამ გართულებებზე არავინ საუბრობს!

მხოლოდ ერთ პრაქტიკულ მინიშნებას გავაკეთებ, ამ ვაქცინის სწორი დოზირება შპრიცებში არის რთული პროცესი და მოითხოვს ყველა წესის დაცვას!!!

(რისკების გათვალისწინება გამომდინარე გვერდითი მოქმედებებისაგან აქაც საყურადღებოა)!

მე ვფიქრობ, რომ ვაქცინის გაკეთების პროპაგანდა კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მოსახლეობისათვის იმის ჩვენება, რომ ნებისმიერი მანიპულაცია, ვაქცინაცია თუ სხვა სამედიცინო პროცედურები, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. გაიგო ხალხა უკვე რომ თურმე შესაძლოა ნებისმიერმა წამალმა მათი სიკვდილი გამოიწვიოს. მაგრამ მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ გართულებების შემთხვევაში მას აუცილებლად გადაარჩენენ. არასწორმა ტაქტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ადამიანები მხოლოდ რეანიმაციის კარების წინ თანხმდებიან ვაქცინის გაკეთებას, თან კარებს იქეთ ლევან რატიანი ლევან რატიანი უნდა იყოს.

არადა ვაქცინაციას აქ ოჯახის ექიმები ატარებენ!'' - აღნიშნავს ირმა კვიცარიძე. 


წაიკითხეთ სრულად