ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:
,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.
უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,
- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.
- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.
- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?
- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.
- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?
- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.
- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?
- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
„კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 -ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ვირუსის ინფექციის გაღრმავებას,“ - ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების კოვიდ-19-ის დაავადებაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომეგა-3 კარგი საშუალებაა კოვიდ-19-ის ინფექციის გაღრმავების პრევენციისთვის:
„უკვე რამოდენიმე თვეა შემოიღეს გახანგრძლივებული კოვიდის ცნება. ეს ცნება მოიცავს სხვადასხვა პოსტ-კოვიდურ გართულებებს. კოვიდინფიცირებულთა 80 %-ში გვხვდება გახანგრძლივებული კოვიდი. გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ყნოსვის და გემოს დაქვეითება, სახსრების ტკივილი, ქოშინი, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია.“
„რატომ უტოლდება ომეგა-3 ანტიდეპრესანტს? კოვიდ-19-ის დაავადებას ახასიათებს ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება სისხლში. სწორედ ამიტომ ვითარდება დეპრესიის კლინიკური გამოვლინებები. დეპრესიის კლინიკური გამოვლინების ჯაჭვი ომეგა 3-მა, როგორც ანტიოქსიდანტმა, შესაძლოა, შეწყვიტოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.