ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:
,,ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ვინ თქვა, რომ ყველა კერძო სკოლა კარგია?! მე ახლოს ვიცნობ ამ სკოლებს და ზუსტად ვიცი, რასაც მოგახსენებთ,“ - გია მურღულია
ფილოლოგმა გია მურღულიამ განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და რეფორმებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები არის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებშიც:
„პანაცეა არ არის ის, რომ კერძო სკოლა არსებობს. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი აქვს. ვინ თქვა, რომ ყველა კერძო სკოლა კარგია?! ზოგიერთ სკოლას პრობლემები აქვს. მე ახლოს ვიცნობ ამ სკოლებს და ზუსტად ვიცი, რასაც მოგახსენებთ. ხანდახან ავტორიზაციის საბჭოს სხდომებს ვესწრებოდი. ისეთს მოისმენ, რომ უკეთესია, გაიღიმო ამ დროს, ვიდრე დარდს მიეძალო. დარდმა დიდი მოძალება იცის ხოლმე.“
გია მურღულიამ აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ ყოველთვის იმედიანი მოლოდინები არსებობდა, რომელიც ჯერ არ მართლდება:
„რაც თავი მახსოვს,სულ ეს რეფორმა მესმის. სულ რა მესმის იცით, რომ სულ კარგად არის საქმე. ყველანი ლაპარაკობდნენ და ახლაც ლაპარაკობენ გაბადრული სახეებით. ლაპარაკობენ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ფრანც კაფკას აქვს ერთი პატარა მოთხრობა, რომელსაც ჰქვია „კანონის წინაშე.“ ერთ კაცს, რომელსაც სამართალთან საქმე აქვს, უნდა შესასვლელში შევიდეს, სადაც დაცვა დგას, რომელიც არ უშვებს. ეს კაცი ეკითხება: არ შეიძლება, რომ შევიდე? ის პასუხობს: კი, ნებისმიერ დროს შეიძლება, ოღონდ ახლა არა.“
„როდესაც ამდენი ხანია რეფორმებს ვატარებთ და ასე მოგვწონს თავი, უნდა შევხედოთ არა პროცესებს, არამედ შედეგებს. როდესაც ჩვენ მსოფლიოში გამუდმებით ბოლო ათეულში ვართ, ეს ნიშნავს, რომ რა პროცესებსაც ჩვენ აქ ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ან კარგად არ ვგეგმავთ, ან ცუდად ვახორციელებთ. შედეგი არ გვაქვს, გვაქვს დაბალი დონის სტაბილურობა,“ - აღნიშნულ საკითხებზე გია მურღულიამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.