Baby Bag

„​ჩემო ახალგაზრდა კოლეგა, დათო, პაციენტი, რომელსაც იმედი აქვს და ის არ ეწურება, საუკეთესო პაციენტია...​უნდა სცადო ყველაფერი, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს“ - იაგო ფრანგიშვილი დათო კობერიძეს ეხმიანება

„​ჩემო ახალგაზრდა კოლეგა, დათო, პაციენტი, რომელსაც იმედი აქვს და ის არ ეწურება, საუკეთესო პაციენტია...​უნდა სცადო ყველაფერი, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს“ - იაგო ფრანგიშვილი დათო კობერიძეს ეხმიანება

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი ერთ-ერთი კოვიდკლინიკის უმცროსი ექიმის, ​დათო კობერიძის ფეისბუქსტატუსს ეხმიანება. ​MomsEdu.ge გთავაზობთ იაგო ფრანგიშვილის ჩანაწერს.

„​ჩემო ახალგაზრდა კოლეგა, დათო.

არ ვიცი, თუ რა მიზანი აქვს შენს პოსტს შენი თვალსაწიერიდან, მაგრამ, მრავლისმეტყველი რომაა, ეს ფაქტია. ახლაგაზრდა ხარ და გაგიზიარებ 27-წლიან გამოცდილებას.
პაციენტი, რომელსაც იმედი აქვს და ის არ ეწურება, საუკეთესო პაციენტია. როცა გედავება ან კოვიდის ან სიმსივნის სამტკიცზე, ის საუკეთესო პაციენტია.
ამ რამდენიმე დღის წინ მომწერა პაციენტმა, რომელმაც „კოვიდის გადატანის მერე ლეიკემია დამიდგინესო და ქიმიოთერაპიას მიწყებენო“ და კითხვის ქვეშ დააყენა....
მართალი აღმოჩნდა.
პოსტინფექციური გამოპათია ჰქონდა იმ ანალიზებითაც კი, რომლითაც „გადაწყდა ქიმიოთერაპია“ და რამდენიმე კვირის შემდეგ კონტროლის მერე „გაქრა“ „ლეიკემია“ დაურეკეს კლინიკიდან და უთხრეს, „უკვე არ გაქვსო“.
პაციენტი, რომელიც გედავება, რომელიც ათას მიზეზს გეუბნება, რომ „გაცივდა“ და „რომ ირბინა და გაოფლიანდა“, საუკეთესო პაციენტია, იმიტომ, რომ იცი ასი პროცენტით არაა საჰოსპიტალე.

სატურაცია თითიდან არაა განმსაზღვრელი იმისა, არის თუ არა საჭირო ჰოსპიტალიზაცია, არამედ, გონება, წნევა და პულსი და სუნთქვის სიხშირე/რომელსაც შეუმჩნევლად ითვლი იმ დროს, როცა ვითომდა მაჯას უსინჯავ/.
დადებითი სწრაფი ტესტისას პისიარი „კი არ უნდა გავიკეთო?“ კიარა, აუცილებლად გასაკეთებელია.
გუშინდელ ჩემს პაციენტს, დადებითი სწრაფი ტესტი ჰქონდა და პისიარი უარყოფითია, ასეთებიც ხდება ხოლმე.
მაგრამ, უმთავრესი კი მაინც სულ სხვაა.
უმთავრესია ის, თუ რატომ მოვიდა სიცხიანი, სურდოიანი პაციენტი შენთან კლინიკაში, რატომ უნდა იცადოს მოსაცდელში სხვა ინფექციურებთან ერთად?
გასული წლის აპრილიდან ხომ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მოქნილი და ორკაციანი მოძრავი ჯგუფების, ასობით და ათასობით ასეთი ჯგუფის შექმნა შეუძლია 500-ლარიანი ექიმებით და უმუშევარი ტაქსისტებით ასე მდიდარ საქართველოს.
იცის მისი უბნის ცენტრალური ბიუროს ნომერი, დაურეკა და 15 წუთში მიხვალ შენ ან შენი მეგობარი, აუღებ ტესტს საკუთარ სახლში და იქნება მის გარემოსაც აუღო ეს ტესტი და ყველა კმაყოფილია.

​ამასთან, სახლში და პაციენტთან მისული, ოჯახურ სიტუაციასაც შეაფასებ, არის თუარა შესაძლებელი ჰქონდეს საკუთარი ოთახი, იმასაც ჰკითხავ, აქვს თუ არა ქალაქგარეთ და ბუნებაში სახლი, იქნებ ვინმე მეზობელს ან ნათესავსაც ჰქონდეს სოფლად და ბუნებაში ცარიელი ოდა და იქ გადაბარგდება. შენ კი, დაურეკავ იმ უბნის, იმ სოფლის ცენტრის ექიმს და 15 წუში მოუყვები ყველაფერს პაციენტზე, რომელიც ალბათ რამდენიმე საათში მისი პაციენტი იქნება.
ნუთუ ასე ძნელია ამ ყველაფრის გაკეთება და ორგანიზება?
და ისევ და ისევ, უმთავრესი მაინც სულ სხვაა.
უმთავრესია ის ავადსახსენებელი ცეპაპი და მუცელზე წოლა.

​ჩემო ახლაგაზრდა კოლეგა დათო, მუცელზე აწვენენ მას, ვინც ისე სუსტადაა, რომ ჯდომაც არ შეუძლია.

​რამდენიმე წელი გავატარე ინტენსიურში და 2 წელი ვინინგის განყოფილებას ვკურირებდი, ანუ იმ ადამიანებს, რომელთაც ხანგრძლივი ინტუბაციიდან გამოყვანა ესაჭიროებათ.

​არაა ადვილი მუცელზე წოლა და ცხვირპირზე, მთელ სახეზე აკრული ჰერმეტული ნიღაბი. მით უმეტეს მაშინ არა, როცა ეს ბიღბები არაინდივიდუალურია, თვალებთან აპარებს და ჭავლით პირდაპირ კონინქტივაზე გიბერავს.

​ყველაზე საშინელი კი მაინც ისაა, რომ გაქვს სივიწროვის, მილში გამომწყვდეულის გრძნობა, სუნთქვა უფრო გეკვრება.

​ყველა ექიმს ვურჩევდი, საკუთარ თავზე გამოსცადოს ეს ნიღაბი მუცელზე წოლით მდგომარეობაში.

​არადა, გაცილებით უკეთ ეგუებიან პაციენტები მჯდომარე მდგომარეობაში, იდაყვები მაღალზე, რათა ფილტვის მოცულობა 50%-ით გაიზარდოს, ფილტვის ქვედა ნაწილები უფრო განიავდეს.

​უნდა სცადო.

​უნდა სცადო ყველაფერი, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს.

​გერმანიამ უკვე შემოიღო არა ინფექციის მაჩვენებელი, არამედ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი რეგულაციებისათვის.

​გერმანიაში ახლაინფიცირებულთა 85%-ს აუცრელები შეადგენენ. დიახ, დიდი ქვეყანაა გერმანია და სადღაც 20 მილიონამდეა აუცრელი.

​ახალინფიცირებულ აუცრელთა ჰოსპიტალიზაციის ნიშნული არის 2%-მდე, საერთო და ზოგადად 1,6% ინფიცირებულისა საჭიროებს საავადმოყოფოს და აქ ერთხელ მისვლაც შედის, არამარტო კვირეები წოლა.

​გავიზიაროთ ნაწილობრივ მაინც მათ მიერ პაციენტთა მართვის გამოცდილება.

​თუკი სისტემას ვერ შევცვლით გინდა 18 თვეში ვერა, ის ელემენტარული მოქნილობა მაინც ვისწავლოთ, რომ კოვიდიანს ესაჭიროება ექიმი, რომელიც მისთვის დასაყრდენია, შიშის გამქარვებელია და მრჩეველია.

​ექიმი, რომელიც დაელაპარაკება, გინდაც შუღამე იყოს.

​საქართველოს აქვს ამისი რესურსი და საქართველოს ათასობით რეზიდენტურის და უმცროსი ექიმი ჰყავს, უმეტესწილად გროშებად და ხშირად უფასოდაც მუშაობენ იმ სისტემისათვის, რომელმაც ვერ იმუშავა და ვერ გაამართლა.

​აი, ამას უნდა აღიარება და ესაა ექიმისათვის უპირველესად გასაპროტესტებელი.

​და ბოლოს, ძალიან მეგობრულად - ექიმის და პერსონალის ჰიგიენაა ძალიან მნიშვნელოვანი.

​როცა კოვიდიანებთან გაქვს კონტაქტი, როცა ათეულობით კოვიდიანი მიდი-მოდის შენ ირგვლივ სამსახურეობრივად, როცა მართვით სუნთქვაზე მყოფ კოვიდიანებთან გაქვს კონტაქტი ყველაფერი გადამდებია - სულერთია ხარ აცრილი თუ გამოჯანმრთელებული, ხარ დატესტილი 3 წუთის წინ უარყოფითად თუ ერთი მილიონი ანტისხეული გაქვს. ყველაფერი გადამდებია. ეს აეროზოლური ვირუსია, ყველაფერს ეწებება და რამდენიმე წუთი მაინც აქრტიურად უძლებს გარემოს. ყველაფრით გადაედება, თუკი ისეთ გარემოში ხარ, სადაც ბევრი კორონიანია - გადაედება ხელით, ხელთათმანით, მოხსნილი პირბადით, სხეულის ყველა იმ ნაწილით, რომლის დაფარვაც აეროზოლისათვის შეუძლებელია.

​გაითვალისწინე ეს, ჩემო ახალგზარდა კოლეგა, და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაგიჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებზე „შელევა“ ადამიანისათვის არაა ადვილი.

​თუ ექიმი ხარ და ხარ ინფექციურში, ინტენსიურში,უნდა შეელიო,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს?
ექიმი დათო კობერიძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აღწერს:,,შემოდის პაციენტი ცხელებით და რესპირატორული ჩივილებით, რა თქმა უნდა დიდი ალბათობით კოვიდი აქვს და ეს თვითონაც კარგად იცის გულის სიღრმეში...

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს არა ძლიერი ან სუსტი იმუნიტეტი, არამედ სწორი იმუნიტეტი,“ - გიორგი ღოღობერიძე

„კოვიდის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს არა ძლიერი ან სუსტი იმუნიტეტი, არამედ სწორი იმუნიტეტი,“ - გიორგი ღოღობერიძე

ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში იმუნიტეტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია, რამდენად ადეკვატურია იმუნური სისტემის პასუხი ვირუსის შემოჭრაზე:

„კოვიდის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს არა ძლიერი ან სუსტი იმუნიტეტი, არამედ სწორი იმუნიტეტი. ზოგიერთ პაციენტში, ​როდესაც ვირუსი შემოიჭრება, იმუნური სისტემა გიჟივით რეაგირებს. ეს იწვევს მძიმე და კრიტიკულ ფორმებს. პაციენტების ნაწილში იმუნური სისტემა საერთოდ არ რეაგირებს და ვირუსს ეძლევა საშუალება, რომ გამრავლდეს. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება არც ზედმეტად აგრესიული და არც ზედმეტად დუნე იმუნური სისტემა. ჩვენ გვჭირდება ადეკვატური სისტემა, რომელსაც ექნება ნორმალური რეაქცია ვირუსზე.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, იმუნური სისტემის ადეკვატურობა ჩვენზე არ არის პირდაპირ დამოკიდებული:

„წარმოიდგინეთ, რომ ოთახში შემოიჭრას ვინმე და ჩვენ გვჭირდება მისი აყვანა. მის ასაყვანად სჯობს, რამდენიმე კაცი გავუშვათ და შეიპყრონ, ბომბს ხომ არ ვესვრით?! ბომბს თუ ვესვრით, ყველაფერი დაიშლება. ასეა ჩვენი სხეულიც. ​იმუნური სისტემა უნდა იყოს ადეკვატური და არა აგრესიული. იმუნური სისტემის ადეკვატურობა საკმაოდ რთული ცნებაა. ის ჩვენზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის.“

გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო გზა ჯანსაღი კვებაა:

„რამ შეიძლება ხელი შეუწყოს ​იმუნური სისტემის გაძლიერებას და არა დასუსტებას? პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი კვება: ხილი, თევზი, კვერცხის გული. ყველა ის საკვები, რომელიც შეიცავს იმ ნუტრიენტებს, რომლებიც შეიძლება დასჭირდეს ჩემს იმუნურ სისტემას საჭირო დროს საჭირო ადგილას. მნიშვნელოვანია D ვიტამინის წყაროები, როგორებიცაა: რძე, თევზი, კვერცხი. D ვიტამინის ალტერნატივა შეიძლება იყოს მზეზე გასვლა დღეში 15-20 წუთის განმავლობაში.“

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სხვა ელემენტებიც საკვების დახმარებით. მსგავსი საკვები შეიძლება იყოს: კიტრი, ვაშლი. ვაშლი ძალიან მნიშვნელოვანი ხილია. მასში არის ძალიან ბევრი აცეტილსალიცილის მჟავა. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც ხელს უშლის დათრომბვას. მართალია, ვაშლი ვერ შეგვისრულებს ასპირინის როლს, მაგრამ მისი დახმარებით შეგვიძლია ორგანიზმს მივცეთ შანსი, რომ ​ცოტათი შეიმციროს თრომბოზების რისკი. ხილი სახლში რაც გვაქვს, ყველაფერი უნდა მივიღოთ. ბანანიც ძალიან კარგია. მასში ბევრი კალიუმია. კალიუმი არის ერთ-ერთი საშუალება წნევის შემცირებისთვის. ბანანი სეროტონინის წყაროა, განწყობას ამაღლებს და ორგანიზმს ეხმარება, რომ წნევა აკონტროლოს უფრო უკეთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი ღოღობერიძემ რადიო იმედის გადაცემაში „დღის არხი“ ისაუბრა.

წყარო: ​რადიო იმედი

წაიკითხეთ სრულად