Baby Bag

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, - ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ავრცელებს.

„ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად