Baby Bag

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ, ხოლო სრულად ვაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშნული.

ცვლილება „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის​ №975 განკარგულებაში შევიდა: 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: 

ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით;

ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდება შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში).

გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით,'' - აღნიშნულია ბრძანებაში. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„დელტა შტამის შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,“ - ლევან რატიანი კოვიდ-19-ის ინდური შტამის შესახებ საუბრობს

„დელტა შტამის შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,“ - ლევან რატიანი კოვიდ-19-ის ინდური შტამის შესახებ საუბრობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა საქართველოში დელტა შტამის გავრცელებისა და იმ თავისებურებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ახალ შტამს კოვიდ-19-ის სხვა შტამებისგან განასხვავებს:

„ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა ამ სახეობის იდენტიფიცირება. ერთადერთი განმასხვავებელი სხვა შტამებისგან არის ის, რომ ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა. უფრო მეტად გამოხატულია ჰექტიური ცხელება. ვირუსს ჰქონდა ცხელების ეპიზოდები, ეს იყო მეხუთე, მეშვიდე დღეს, მაგრამ ​დელტა შტამის შემთხვევაში, ინფიცირების პირველივე დღესვე, შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. ტემპერატურა უფრო მეტად არის 38 და უფრო მაღალი.“

ლევან რატიანის თქმით, დელტა შტამს ბევრად მაღალი გადამდებლობა აქვს, ვიდრე სხვა შტამებს:

„ცხელება თავისთავად იწვევს ორგანიზმში გაუწყლოვებას. ამ შემთხვევაში ადამიანმა, რა ასაკისაც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია.​ გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამებს. ამ შტამის შემთხვევაში ისიც ვთქვით, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება სიმპტომატიკას, არ განსხვავდება წინა შტამებისგან.“

„თუ ასე გაგრძელდა, ეს სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. წესები ყველამ უნდა დავიცვათ, რომ რამენაირად მოხდეს ვირუსის შეკავება. ვიქნებით თუ არა ვაქცინირებული, ის რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, რაც მოწოდებულია. ​

მსოფლიო ჯანდაცვის ორ​განიზაცია პანდემიის ლიკვიდაციას 2024 წელს ვარაუდობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფექცია კიდევ სამი წელი იქნება ასეთ ბობოქარ სიტუაციაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად