ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ორივე შემთხვევაში ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში - 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი - საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.