ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
„ეს მედიკამენტი ისეთი მოქმედებისაა, რომ პირდაპირ გულში ურტყამს ვირუსის ბიოლოგიას, მის გამრავლებას,“ - პროფესორი გიორგი გეგელაშვილი
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გეგელაშვილმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი ანტივირუსული პრეპარატების შესახებ ისაუბრა და ფაიზერის მაღალი ეფექტიანობის პრეპარატზე მოგვაწონდა ინფორმაცია:
გიორგი გეგელაშვილის თქმით, ფაიზერის ახალი მედიკამენტი ვირუსის წინააღმდეგ სპეციფიკური მოქმედებით ხასიათდება:
„ფაიზერის აბს უკვე აქვს კომერციული სახელი. მას ახლა ჰქვია „პაქსლოვიდი,“ ეს არის კომერციული სახელი. ეს არის ძალიან საინტერესო ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც სპეციფიკურად მოქმედებს. ეს მედიკამენტი ისეთი მოქმედებისაა, რომ პირდაპირ გულში ურტყამს ვირუსის ბიოლოგიას, მის გამრავლებას.“
„პირველ რიგში, ვიტყვი ვისთვის არის ეს პრეპარატი განსაზღვრული. ის ახლა სადაცაა მიიღებს ავტორიზაციას. ეს მედიკამენტი არის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან მაღალ რისკ-ჯგუფში. აღმოჩნდა, რომ ეს პრეპარატი 89 %-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას ასეთ პაციენტებში. 89 % საკმაოდ მაღალი შედეგია. თქვენ არ მოხვდებით საავადმყოფოში და ფატალური შედეგიც არ დადგება,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი გეგელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.