ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
,,კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია''
კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვების ტალღა თითქმის გადავლილია:
„ბავშვების ტალღა ჩვენ თითქმის გადავიარეთ, რადგან გაცილებით უფრო მძიმე პაციენტები გვყავდა, დაახლოებით, 2 კვირის წინ. შესაბამისად, ჩვენ მობილიზაცია გავუკეთეთ ბავშვთა საწოლების მაქსიმალურ რაოდენობას. დღესდღეობით ძალიან კარგია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებია ბავშვებში ინფიცირება. ჩვენ ამას, ალბათ, ვირუსის თვისებას არ დავაბრალებთ, დავაბრალებთ უფრო მეტად იმას, რომ მშობლებიც, გამომდინარე იქედან, რომ დაინახეს რამდენად აგრესიულია ვირუსი ბავშვებთან მიმართებაში, გაცილებით უფრო ფრთხილები გახდნენ და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია სახელმწიფოს მხრიდან“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.