საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანის ზურა ბალანჩივაძის ძმასაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს:
„ესეც ასე, ჩემი ძმაც მომისვეს გვერდით, 37,5 სიცხით და ოდნავი ხველით საღამოს. ფილტვებში ანთება არ აღენიშნება, თუმცა სისხლის საერთო ანალისზში ოდნავი ცვლილებები აქვს და ალბათ მალე დაუწყებენ ანტიბიოტიკის გადასხმას.
ორივეს დე-დიმერი გვაქვს მომატებული (სისხლის შედედების მაჩვენებელი) და მუცელში დაგვარჭვეს პატარა ნემსი და ის-ის იყო, უნდა მეყვირა, ექთანმა, მორჩაო. მოკლედ, უადვილესი ნემსია.
მე სიცხე ისევ 37 - 37,2 მაქვს, არადა, დილით არ მქონდა. ცოტა ავნერვიულდი, რაღა დაგიმალოთ. მაგრამ ნუ ჰო, მე-7 დღეა და საყურადღებო სტადიაში ვარ. კიდევ ხვალ და ზეგ და მერე გავლილი მექნება. თუმცა, როცა ამ ყველაფერს უბრალო სიმპტომებად ვუყურებ, ვაცნობიერებ, რომ რეალურად არც-თუ ისე ცუდად ვარ და მაინც წარმავალია ეს კორონა. ასეთნაირი მიდგომა მშველის ნამდვილად.
ჰო, ზურგზე წოლას მოერიდეთო. მუცელზე ან გვერდულად იძინეთ და პოზებიც შეძლებისდაგვარად მალ-მალე იცვალეთო. თურმე არ ყოფილა ასეთ დროს კარგი ფილტვებზე მთელი სხეულით დაწოლა. დიდად არ მიყვარს მუცელზე წოლა, მაგრამ ახლა ეგ რა მოსატანია.
საერთო ჯამში, ირაკლიც და მეც შევთანხმდით, რომ თუკი ასე გამოვძვრებით, ჩავთვლით, რომ იღბლიანები ვართ. ისე კი ყველაფერს თავისი პლუსი აქვს: ხელების სანიტაიზერით ხეხვა აღარ გვიწევს.
აუ, ჰო, ძალიან საყვარელი სანიტრები არიან. ექთნებიც ძალიან ყურადღებიანები - ოღონდ რამე გვთხოვეო. ექიმები ყოველთვის ცდილობენ, გაიგონ რაიმე ახალი ხომ არ გვაწუხებს და თუ რამე, დაუყოვნებლივ დაკავშირებას გვთხოვენ. მოკლედ, კარგად გვივლიან და ალბათ, ახლა ყველაზე სწორ და უსაფრთხო ადგილას ვართ.