საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლეგენდარულ მოჭადრაკეს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს 79 წელი შეუსრულდა
ლეგენდარულ მოჭადრაკეს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს 79 წელი შეუსრულდა.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი (1962, 1965, 1969, 1972, 1975) და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის 2-გზის გამარჯვებულია. ასევე გახლავთ საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი და „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი. ორჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1969, 1975).
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია (1989-1996) და საპატიო პრეზიდენტი (1996-დან). 2000-2002 წლებში ეკავა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. 2001 წელს, მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია. ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის, 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.