საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება“ - ამირან გამყრელიძე
საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ, ოქროს შუალედით იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.