საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ტენდენციების შესწავლის საფუძველზე მიიღო.
„დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ანუ მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.