საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,ეს იმდენად სპეციფიკური სიმპტომია კორონასი, რომ ხშირად ტესტს აღარ იტარებენ''
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავურისის დროს გემოსა და ყნოსვის დაკარგვაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს იმდენად სპეციფიური სიმპტომია კორონასი, რომ ხშირად აღარ იტარებენ ტესტს.
,,ყნოსვა და გემო იკარგება დაახლოებით 30-40%-ში. ხშირად ამბობენ, ყნოსვის და გემოს დაკარგვას, სინამდვილეში შეიძლება, შეიცვალოს, გაუკუღმართდეს შეგრძნება. ეს უფრო ხშირად გემოს ეხება, მაგალითად, ხშირია პირში მეტალის გამო ან შეიძლება, მწარე ტკბილად მოეჩვენოთ და ა.შ. აუცილებელი არ არის მაინცდამაინც დაიკარგოს გემოს შეგრძნება, შეიძლება, უბრალოდ შეიცვალოს. როცა ამ შეგრძნებებს კარგავენ ადამიანები, ხშირად ტესტს აღარ იტარებენ და არის ამაში ლოგიკა. გრიპის სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, ცხვირის გაჭედვისას ხდება ყნოსვის დაქვეითება, მაგრამ კორონას დროს ეს სხვანაირია. კოვიდის დროს საერთოდ შეიძლება, ცხვირიდან არ იყოს გამონადენი და რინიტის სიმპტომები და უცებ ადამიანი ვეღარ გრძნობდეს სუნს, '' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.