საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. მთავრობის ადმინისტრაცია იმ ობიექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები,“- ირაკლი ღარიბაშვილი ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი დღეიდან ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ საუბრობს:
„ონლაინ კაზინოები ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. უამრავი ადამიანი - არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინ თამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული - 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.
1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი