Baby Bag

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობას იწყებს უწყებათაშორის ჯგუფი, რომელიც სასკოლო კვების პროგრამის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობას იწყებს უწყებათაშორის ჯგუფი, რომელიც სასკოლო კვების პროგრამის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალურ ქსელში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილის მიერ სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შეფასების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:

„გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა, მათ შორის, სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას, მასწავლებელთა ვაქცინაციას და სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხს.

სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხზე საუბრისას ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მხრიდან სასკოლო კვების საკითხზე დაინახა მზადყოფნა და პოლიტიკური ნება. გადაიდგა საპასუხო ქმედითი ნაბიჯები – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობას იწყებს უწყებათაშორის ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად.

ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს განათლების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სამინისტროს ძალისხმევას პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის სკოლებში უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებით. ღასან ხალილის თქმით, UNICEF აქტიურად უჭერდა მხარს სკოლების გახსნას და მოხარულია, რომ სამინისტრო პროცესს ეფექტიანად მართავს.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, რომლებმაც პანდემიის დროს შეძლეს სწრაფად ადაპტირება ახალ რეალობასთან და სასწავლო პროცესის ონლაინ წარმართვა, რაც არ იყო მარტივი. ღასან ხალილის თქმით, საქართველოში ყველა მასწავლებელი არის ნამდვილი გმირი, რადგან მათ შეძლეს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ათვისება. მან აღნიშნა, რომ ონლაინსწავლება არც მოსწავლეებისთვის ყოფილა მარტივი და მათი აკადემიური და სოციალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში შენარჩუნება.

ღასან ხალილი ასევე შეეხო მასწავლებელთა ვაქცინაციას და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ ძალისხმევას ამ პროცესში. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის თქმით, ერთობლივი მუშაობის შედეგად ორ თვეში მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 9%-დან 69%-მდე გაიზარდა და ზრდას ყოველდღიურად განაგრძობს,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად