Baby Bag

„მუდმივი მწვანე პასპორტის „ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ,“ - გიორგი ფხაკაძე

„მუდმივი მწვანე პასპორტის „ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება გააკრიტიკა:

„სიტყვა-სიტყვით მიჯერებენ....

ოღონდ მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ...

ისე, ჩანს, მუდმივი მწვანე პასპორტის ავტორებს" კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ. კოვიდი არ არის წითელა და არ არის სეზონური გრიპი”. (ვინ არის ეს ხალხი, ხომ არ იცით?!)

არაერთხელ ვთქვი:

ჯანდაცვის სისტემის მიერ არჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია- ეს არის დანაშაული!

დღემდე ბევრს სჯერა, რომ კოვიდ-19 დაავადების საწინააღმდეგო-პროფილაქტიკური ვაქცინები - ექსპერიმენტულია" (სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც არიან ამ ჩამონათვალში). ფაიზერი უკვე მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოდან ყველა ავტორიზაცია!

მოსახლეობა არ არის ვალდებული, ინფორმაცია მოიპოვოს", ხელისუფლების ვალდებულებაა მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე.

არ შეიძლება ასე....არ შეიძლება ასე გაგრძელება. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ყველა თავის კუთვნილ ადგილზე უნდა იყოს!

არაპროფესიონალიზმი კლავს!“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად